საკრებულომ თელავის ქალაქთმშენებლობითი გეგმების დასამტკიცებლად ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო

26 June, 2020

 

ქალაქ თელავის ქალაქთმშენებლობის დოკუმენტაციის - გენერალური, განაშენიანებისა და ცენტრალური მოედნის განაშენიანების გენერალური დეტალური გეგმების დამტკიცების შესახებ დადგენილების მისაღებად თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. ქალაქთმშენებლობის გეგმებს კომისიები და ფრაქციები 1 სექტემბრამდე განიხილავენ. განკარგულების მიხედვით, დოკუმენტაცია წარმომადგენლობით ორგანოს დასამტკიცებლად 1 ოქტომბრამდე უნდა წარედგინოს. ქალაქთმშენებლობითი გეგმები მოქმედი კანონმდებლობით მოიცავს განსაზღვრულ ფუნქციურ ზონებს, ქვეზონებს, ტერიტორიებსა და დამცავ ზონებს.

წარმომადგენლობითმა ორგანომ ასევე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის მიერ ინიცირებულ პროექტზე, რომელიც სპორტის სხვადასხვა სახეობაში ოლიმპიურ თამაშებში, ევროპის, მსოფლიოსა და საქართველოს მასშტაბით ჩატარებულ ჩემპიონატებში თელავის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით ფულადი ჯილდოს დაწესების შესახებ დადგენილების მიღებას ითვალისწინებს. გიგა ორკოდაშვილის მიერ ინიცირებული პროექტის განსახილველად კომისიებსა და ფრაქციებს 15 ივლისამდე ექნებათ დრო, ხოლო საკრებულოს დასამტკიცებლად 1 აგვისტომდე წარედგინება.

საკრებულოს წევრებმა დღევანდელ სხდომაზევე მოიწონეს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისათვის დასაფინანსებლად წარსადგენი თელავის მუნიციპალიტეტის 2020 წლის საპროექტო წინადადებები. მუნიციპალიტეტი რეგფონდს 32 ინფრასტრუქტურულ პროექტს წარუდგენს.

დღევანდელ სხდომაზე წარმომადგენლობითმა ორგანომ ასევე მოიწონა საქართველოს საპილოტე რეგიონების განვითარების სამთავრობო კომისიის მიერ გამოცხადებულ კონკურსზე განსახილველად წარსადგენი ინფრასტრუქტურული პროექტები.

კონკურსზე 2020 წელს თელავის მუნიციპალიტეტი ქალაქ თელავში, ალაზნის გამზირზე არსებულ ჰიპერმარკეტ „გორგიას“ მიმდებარე ტერიტორიაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და სოფელ რუისპირის შიდა საუბნო გზების რეაბილიტაციის პროექტებს წარადგენს.

წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილებით, ცვლილებები შევიდა თელავის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტში. ცვლილებები უკავშირდება მთავარ საფინანსო დოკუმენტში 2020 წლის 1 იანვრისათვის არსებული ნაშთის ნაწილის ასახვას, რომელიც სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოს განსახორციელებლად და მათი საზედამხედველო მომსახურების დასაფინანსებლად არის გათვალისწინებული.

საკრებულომ ასევე მხარი დაუჭირა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ქალაქ თელავში, სადგურის ქუჩაზე მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზებას, რომლის საწყისი ფასი 17 000 ლარზე მეტია.

დღესვე საკრებულომ თელავის მუნიციპალიტეტის მერს მისცა თანხმობა, მოქალაქე მაკა ნაცვლიშვილს ქალაქ თელავში, ალაზნის გამზირზე მდებარე 480 კვ.მ. არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შეძენისას ნაკისრი სააუქციონე პირობების შესრულების ვადა 2 წლით გაუგრძელდეს.

წარმომადგენლობითი ორგანოს განკარგულებით, მერს ასევე თანხმობა მიეცა, მოქალაქე  შორენა დათუნაშვილს ქალაქ თელავში, ალაზნის გამზირზე მდებარე 101 კვ.მ. არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შეძენისას ნაკისრი სააუქციონე პირობების შესრულების ვადა 1 წლით გაუგრძელდეს.

საკრებულოს განკარგულებით, დამტკიცდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და თელავის მუნიციპალიტეტს შორის დადებული ხელშეკრულება „თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგლის რაოდენობის რეგულირების ღონისძიების განხორციელების უფლებამოსილების დელეგირების თაობაზე“. ხელშეკრულება ითვალისწინებს თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგლის 5 ინდივიდის გარემოდან ამოღების უფლებამოსილებას, რაც განხორციელდება  ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით. აღნიშნული ხელშეკრულების დადება უკავშირდება თეთრიწყლების ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მგლების შინაურ პირუტყვზე გახშირებულ თავდასხმას, რის შედეგადაც დაგლეჯილი და შეჭმულია რამდენიმე ცხოველი. 

 

 

 

 

 

 

 

 

Share page