საკრებულო 10 შვილის დედისთვის საცხოვრებელი სახლის გადაცემაზე იმსჯელებს

21 September, 2020

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო მორიგ სხდომაზე მოქალაქე ნათია წიგნაძისთვის, რომელიც სოციალურად დაუცველია და 10 შვილის დედაა, სოფელ რუისპირში მდებარე საცხოვრებელი სახლის გადაცემაზე იმსჯელებს.

საკრებულოს განკარგულების პროექტი ითვალისწინებს, რომ თელავის მუნიციპალიტეტის მერს მიეცეს თანხმობა, წიგნაძეს სოფელ რუისპირში მდებარე 1490 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლი გადასცეს პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, 2 წლის ვადით სარგებლობაში.

წარმომადგნელობითი ორგანოს წევრები 28 სექტემბრის სხდომაზე, რომლის დღის წესრიგიც ბიურომ დღეს დაამტკიცა, ასევე განიხილავენ  თელავის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით ფულადი ჯილდოს დაწესების შეხახებ საკრებულოს 2020 წლის 31 ივლისის დადგენილებაში ცვლილების პროექტს. წარმატებული სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელებისთვის ფულადი ჯილდოს დაწესების ინიციატორია საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიგა ორკოდაშვილი, რომელიც ამავე დროს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრია.

მორიგ სხდომაზე საკრებულოს წევრები ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კიდევ 5 პროექტის დამტკიცებაზე იმსჯელებენ. წარმომადგენლობითი ორგანოს მორიგი სხდომა 28 სექტემბერს, 12 საათზე ჩაინიშნა.

 

Share page