საკრებულომ 10 შვილი დედისთვის საცხოვრებელი სახლის გადაცემას მხარი დაუჭირა

28 September, 2020

 

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს გამართულ სხდომაზე მოქალაქე ნათია წიგნაძესთვის, რომელიც სოციალურად დაუცველია და 10 შვილის დედაა, სოფელ რუისპირში არსებული საცხოვრებელი სახლის გადაცემას დაუჭირა მხარი.

წარმომადგენლობითმა ორგანომ თელავის მუნიციპალიტეტის მერს მისცა თანხმობა, წიგნაძეს სოფელ რუისპირში მდებარე 1490 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული საცხოვრებელი ფართი გადასცეს პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, 2 წლის ვადით სარგებლობაში. ის ცხოვრობს სოფელ ქვემო ხოდაშენში დროებით, სხვის ბინაში და არ გააჩნია საკუთარი საცხოვრებელი სახლი. წიგნაძემ განცხადებით მომართა თელავის მუნიციპალიტეტის მერიას და ითხოვა აღნიშნული უძრავი ქონების უსასყიდლოდ, დროებით სარგებლობაში გადაცემა.

დღესვე სპორტის სხვადასხვა სახეობაში ოლიმპიურ თამაშებში, ევროპის, მსოფლიოსა და საქართველოს მასშტაბით ჩატარებულ ჩემპიონატებში თელავის მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენების, სპორტული კლუბების წევრების და მათი მწვრთნელების ფინანსურად წახალისების მიზნით ფულადი ჯილდოს დაწესების შესახებ საკრებულოს დადგენილებაში ცვლილება შევიდა. წარმატებული სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელებისთვის ფულადი ჯილდოს დაწესების ინიციატორია თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიგა ორკოდაშვილი.  

საკრებულოს განკარგულებით, თელავის მუნიციპალიტეტის მერს მიეცა თანხმობა, მოქალაქე გიორგი მარგალიტაშვილს ქალაქ თელავში, ალაზნის გამზირზე მდებარე 30 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შეძენისას ნაკისრი სააუქციონო პირობების შესრულების ვადა გაუგრძელოს 3 თვით.  

წარმომადგენლობითმა ორგანომ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულებაში ცვლილების შეტანის მიზნით. საკრებულოს განკარგულებით, კომისიებს ნორმატიული აქტის პროექტის განსახილველად დრო 15 ოქტომბრამდე ექნებათ, ხოლო წარმომადგენლობით ორგანოს დასამტკიცებლად 1 ნიემბრამდე უნდა წარედგინოს. 

საკრებულოს განკარგულებით, თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების დგომის ადგილების განმსაზღვრელი დროებითი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.

წარმომადგენლობითმა ორგანომ ასევე მხარი დაუჭირა ქალაქ თელავის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის - გენერალური, განაშენიანებისა და ქალაქ თელავის ცენტრალური მოედნის განაშენიანების გეგმების დამტკიცების მიზნით ადმინისტრაციული წარმოების ვადის გაგრძელებას.

საკრებულომ მისცა თანხმობა თელავის მუნიციპალიტეტის მერს, „თელავის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრზე“  გასცეს ადმინისტრაციული დაპირება თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ თელავში, დავით რექტორის ქუჩაზე მდებარე შენობა-ნაგებობის 150 კვ.მ. არასაცხოვრებელ ფართზე 2016 წლის 01 ივლისს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების მოქმედების ვადის 5 წლით გაგრძელების თაობაზე. 

 

 

Share page