ბიურომ საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცა

23 March, 2021

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო 30 მარტს მორიგ სხდომაზე მერისთვის თანხმობის მიცემის საკითხს განიხილავს, რომელიც კახეთის დანარჩენ 7 მუნიციპალიტეტთან ერთად მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის კახეთის ინტერმუნიციპალური სააგენტოს დაფუძნებას ითვალისწინებს.

მერიის იურიდიული სამსახურის უფროსის, ლევან ბერძენაშვილის განმარტებით, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობის ძირითადი მიზანი იქნება უპატრონო ცხოველებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა.

საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით, წარმომადგენლობითი ორგანო ასევე იმსჯელებს ილია ჭავჭავაძის გამზირის მონაკვეთზე ორმხრივი მოძრაობის დაწესების შესახებ. აღნიშნული ინიციატივით საკრებულოს ქართული უნივერსიტეტის, დავით რექტორისა და კვირიკე დიდის ქუჩებზე მცხოვრებმა მოსახლეობამ მიმართა. ორმხრივი მოძრაობის დაწესების მიზანია ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ავტოსატრანსპორტო მოძრაობის დარეგულირება.

საკრებულო მორიგ სხდომაზე, რომელიც 30 მარტს, 12 საათზე ჩაინიშნა, დღის წესრიგით გათვალისწინებულ კიდევ 8 საკითხს განიხილავს.

 

Share page