გაზიფიცირების გარეშე დარჩენილ დასახლებებში მცხოვრები ოჯახების თხევადი აირით დახმარების პროგრამაში ცვლილება შევიდა

10 June, 2021

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მხარი დაუჭირა შექმნილ გაზიფიცირების გარეშე დარჩენილ თეთრიწყლების ადმინისტრაციული ერთეულში და სოფელ ლეჩურში მუდმივად მცხოვრები ოჯახების თხევადი აირით დახმარების ქვეპროგრამში ცვლილების შეტანას. პროგრამა ფრაქცია "ქართული ოცნება-მრეწველების" ინიციატივით შეიქმნა. თითოეული ოჯახი თხევად აირს, ყოველთვიურად, 15 ლიტრის ოდენობით მიიღებს.

საკრებულოს დადგენილებაში ცვლილების შეტანის მიზანია ქვეპროგრამის ამოქმედებისათვის ხელისშემშლელი გარემოების აღმოფხვრა. აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს თითოეული ოჯახისათვის ყოველთვიურად ერთი ტალონის გადაცემას. ქვეპროგრამის ასამოქმედებლად აუცილებელია, რომ თხევადი აირის მოცულობა კილოგრამის ნაცვლად ლიტრით განისაზღვროს.

გარდა ამისა, ცვლილება შევიდა ასევე საკრებულოს კიდევ ერთ დადგენილებაში, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტის სახელით წარმატებული სპორტსმენების და სპორტული კლუბების წევრი, მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით ფულადი ჯილდოს დაწესებას ითვალისწინებს. აღნიშნული დადგენილების ინიციატორია თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიგა ორკოდაშვილი.

ნორმატიულ აქტში ცვლილების შედეგად დადგენილებიდან ამოღებულია ჩანაწერი, რომელიც გულისხმობდა თელავის მუნიციპალიტეტში ბოლო 5 წლის განმავლობაში მცხოვრები და რეგისტრირებული სპორტსმენებისა და მწვრთნელების დაჯილდოებას.

საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ უჩა ჭოტიაშვილი აირჩიეს. კომისიის თავმჯდომარის პოზიცია მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც აღნიშნული თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა ალექსანდრე შათირიშვილმა, რომელიც ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გახდა.

მანამდე ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის თანამდებობა ლევან ლილუაშვილმა დატოვა, რომელიც კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილედ დაინიშნა.

 

Share page