სამთავრობო კომისიის მიერ გამოცხადებულ კონკურსზე თელავის მუნიციპალიტეტი 21 ინფრასტრუქტურულ პროექტს წარადგენს

31 August, 2021

 

ქალაქ თელავის აღმოსავლეთ ნაწილის ურბანული განახლება „მშვიდობის პარკის“ მოწყობით; საგანმანათლებლო მიზიდულობის არეალის განვითარების მიზნით, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე ტერიტორიაზე მრავალფუნქციურ ობიექტებთან მისასვლელი გზის და პარკინგის, ასევე, მრავალფუნქციური სპორტული მოედნის, რეკრეაციული სივრცეების და სხვა ინფრასტრუქტურის მოწყობა - ეს თელავის მუნიციპალიტეტში 2021-2022 წლებში განსახორციელებელი დამატებით სამი პროექტია, რომელსაც თელავის მუნიციპალიტეტი საქართველოს საპილოტე რეგიონების განვითარების სამთავრობო კომისიის მიერ გამოცხადებულ კონკურსზე განსახილველად წარადგენს.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მხარი დაუჭირა წარმომადგენლობითი ორგანოს 2021 წლის 7 ივლისის განკარგულებაში ცვლილების შეტანას, რომელიც სამთავრობო კომისიის მიერ გამოცხადებულ კონკურსზე განსახილველად წარსადგენი თელავის მუნიციპალიტეტში 2021-2022 წლებში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონებას ითვალისწინებს.

სამთავრობო კომისიის მიერ გამოცხადებულ კონკურსზე თელავის მუნიციპალიტეტი ჯამში 21 ინფრასტრუქტურულ პროექტს წარადგენს.

საკრებულოს განკარგულებით, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულებაში ცვლილებების შეტანის მიზნით ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. დადგენილების პროექტი ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების ფუნქციებში ცვლილების შეტანას ითვალისწინებს.

ნორმატიულ აქტში ცვლილებების შეტანის მიზანია ადმინისტრაციული სამსახურის დებულების მთავრობის დადგენილებებთან და სხვა სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობაში მოყვანა. საკრებულოს კომისიებმა და ფრაქციებში ნორმატიული აქტის პროექტი 21 სექტემბრამდე უნდა განიხილოს, ხოლო წარმომადგენლობითი ორგანო მისი დამტკიცების შესახებ 1 ოქტომბრამდე იმსჯელებს.

საკრებულოს წევრებმა ასევე მხარი დაუჭირეს თელავის ქალაქთმშენებლობის დოკუმენტაციის - გენერალური გეგმის, განაშენიანების გეგმისა და ქალაქ თელავის ცენტრალური მოედნის განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების მიზნით ადმინისტრაციული წარმოების ვადის გაგრძელებას.

დადგენილების პროექტის განხილვა საკრებულოს კომისიებსა და ფრაქციებს 1 ოქტომბრამდე შეეძლებათ, ხოლო წარმომადგენლობით ორგანოს დასამტკიცებლად 1 ნოემბერს წარედგინება.  

საკრებულომ ცნობად მიიღო ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ სახელწოდების ცვლილების, ფრაქციის შემადგენლობიდან წარმომადეგენლობითი ორგანოს წევრის, დავით გოგოშვილის გასვლისა და ფრაქციაში საკრებულოს წევრის, გიგა ორკოდაშვილის გაწევრიანების შესახებ.  

 

Share page