სიგრიდ ბრეტელმა და მზია გიორგობიანმა, ევროკავშირის დაფინანსებით თელავში მიმდინარე პროექტები მოინახულეს

7 July, 2022

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი სიგრიდ ბრეტელი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, რეგიონული განვითარების ერთობლივი პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტების შესაფასებლად თელავს ესტუმრნენ.

სტუმრებმა თელავის მუნიციპალიტეტის მერთან ლევან ანდრიაშვილთან, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან ირაკლი შიოშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან თენგიზ მთავრელიშვილთან ერთად მოინახულეს საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტები.

ქალაქ თელავში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე QR კოდები, ორ ლოკაციაზე კი QR კუბები განთავსდა.

QR კოდი არის ორგანზომილებიანი შტრიხკოდი, რომლის დასკანერების შემდეგ შესაძლებელია ელექტრონულ სისტემაში განთავსებული ინფორმაციის მიღება.

ასევე, ქალაქის 14 ლოკაციაზე განთავსდა ენერგოეფექტური სკამები უფასო უსადენო ინტერნეტითა (WiFi) და ტელეფონის დამტენებით.

მხარეები ევროკავშირის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიმდინარე კიდევ ერთ პროექტს გაეცნენ, რომელიც ქალაქ თელავის ქუჩების დამისამართება-სტანდარტიზაციას და საინფორმაციო დაფების განთავსებას გულისხმობს.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ქალაქ თელავის 200-ზე მეტი ქუჩის და ჩიხის ძველი სამისამართე ფირნიშების ახლით ჩანაცვლება.

თელავში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე კერამიკული საინფორმაციო დაფების განთავსება, ქალაქის 15 ლოკაციაზე სანავიგაციო მანიშნებლების მოწყობა, ხოლო 5 ლოკაციაზე საინფორმაციო ლაითბოქსების განთავსება.

აღნიშნული ინიციატივები მიზნად ისახავს ტურიზმის სტიმულირებასა და ადგილობრივი მოსახლეობისა და ბიზნესისთვის ახალი შესაძლებლობების შეთავაზებას.

 

Share page