საკრებულოს წევრებმა თეთრიწყლების სკოლის მოსწავლის ნამუშევრები დაათვალიერეს

18 October, 2022

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ მთვარელიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე მამუკა ბურდიაშვილი, მოადგილე მიხეილ დაღუნდარიძე და წარმომადგენლობითი ორგანოს სხვა წევრები გიორგი ხაჭაპურიძე და თინათინ ხანჯალიაშვილი ალავერდის ეპარქიასთან არსებულ წმ. ბიძინა, შალვა და ელიზბარის სახელობის სკოლაში იმყოფებოდნენ.

მათ სოფელ თეთრიწყლების საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლის, მარიამ მოზაიძის ფერწერული და კომპოზიციური ნამუშევრები დაათვალიერეს. მარიამ მოზაიძის ნამუშევრების გამოფენა აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითის ლოცვა-კურთხევით გაიმართა.

„დღეს მნიშვნელოვანი დღეა, რადგან შესაძლებლობა გვქონდა, ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდის ნამუშევრები დაგვეთვალიერებინა. მადლობა მინდა გადავუხადო მეუფე დავითს, რომლის ლოცვა-კურთხევითაც გაიმართა მარიამის ნამუშევრების გამოფენა. ამ გამორჩეულმა ახალგაზრდამ თავისი ნიჭიერებით გაგვაოცა. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელით მინდა ვუსურვო მას წარმატებები და გამოვხატო მაქსიმალური მხარდაჭერა. ასეთ ნიჭიერ ადამიანებზე დგას ჩვენი ქვეყანა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მსგავსი გამოფენები უფრო ხშირად ჩატარდეს და ასეთ საამაყო ახალგაზრდებს ყველანაირად ხელი შევუწყოთ, რათა მათ თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმალური რეალიზება მოახდინონ“, - განაცხადა თენგიზ მთვარელიშვილმა.

ღონისძიებას თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ფიქრია ყუშიტაშვილი, ახალი შუამთის ხახულის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტრის წინამძღვარი იღუმენია იოანა, სხვა სასულიერო პირები, სოფელ თეთრიწყლებისა და სამრევლოს სკოლების დირექტორები, მასწავლებლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

Share page