ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიამ სხდომა ჩაატარა

18 November, 2022

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიამ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სახელმწიფოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ სამართლებრივი აქტის პროექტზე იმსჯელა.

სოფლების ამბოლატორიების შენობების საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის მოთხოვნით სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ  წერილობით მიმართა თელავის მუნიციპალიტეტის მერიას შემდგომში საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგისთვის გადაცემის მიზნით, რომელიც ახორციელებს „სოფლის ექიმის“ კომპეტენციით გათვალისიწნებულ მომსახურებას.

„დღეისათვის სოფლის ამბულატორიების ინფრასტრუქტურა ამორტიზირებულია, შენობის უმრავლესობა სარემონტო და მოუწესრიგებელია, რის გამოც ვერ ხერხდება პაციენტებისათვის  სამედიცინო მომსახურების შესაბამისი სტანდარტებით შეთავაზება და სამედიცინო პერსონალისათვის სათანადო სამუშაო გარემოს შექმნა. სახელმწიფოსთვის ამბოლატორიების საკუთრებაში გადაცემა ხელს შეუწყობს პირველადი ჯანდაცვის მიწოდების ხარისხის გაუმჯობესებას“, - განაცხადა ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თინათინ ხანჯალიაშვილმა.

სხდომაზე ასევე განიხილეს თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნათია წიგნაძისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, დროებით სარგებლობის უფლებით უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ სამართლებრივი აქტის პროექტი.

ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიამ მხარი დაუჭირა, რომ ორივე სამართლებრივი აქტის პროექტი უცველი სახით წარედგინოს საკრებულოს ბიუროს წარმომადგენლობითი ორგანოს დღის წესრიგში შეტანის მიზნით.

გარდა ამისა, თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საყოფაცხოვრებო ნარჩენების შესაგროვებელი დაზიანებული ურნების საპრივატიზაციო  ნუსხაში შეტანისა საკითხზეც იმსჯელეს, რაზეც კომისია რეკომენდაციით მიმართავს მერიას, უახლოეს სხდომაზე წარმოადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია.

Share page