თელავში, ევროპის იმუნიზაციის კვირეულთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის და ევროკავშირის მხარდაჭერით, თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე ევროპის იმუნიზაციის კვირეულთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა.
აქტივობას თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები, ნიკოლოზ მეტრეველი და ფიქრია ყუშიტაშვილი, ასევე კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე, პლატონ კალმახელიძე დაესწრნენ.
თელავის მუნიციპალიტეტის მერია უერთდება ევროპის იმუნიზაციის კვირეულს, რომელიც ყოველწლიურად აღინიშნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, ევროკავშირისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ.
კვირეულის ფარგლებში, თელავში ინტერაქტიური წარმოდგენა გაიმართა: „სამი ამბავი ვაქცინაციაზე“, მოთხრობილი იყო ვაქცინაციის ისტორია და მნიშვნელობა. წარმოდგენა „მოძრაობის თეატრის“ დასმა გამართა.
აღსანიშნავია, 2020-2022 წლებში საქართველოში, ისევე როგორც ევროპის სხვა ქვეყნებში, მნიშვნელოვნად შემცირდა ბავშვთა რუტინული იმუნიზაცია, რაც, ნაწილობრივ, პანდემიითაცაა გამოწვეული. ბევრმა ბავშვმა გამოტოვა ვაქცინების რეკომენდებული დოზები, ან დაირღვა ვაქცინაციის კალენდრით დადგენილი ვადები. შედეგად, ბავშვები დაუცველები ხდებიან ისეთი საშიში ინფექციური დაავადებების მიმართ, როგორიცაა წითელა, დიფთერია თუ პოლიომიელიტი.