ინფრასტრუქტურის კომისიამ ძეგლთა დაცვის პროგრამა განიხილა
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისიამ ძეგლთა დაცვის განსახორციელებელი პროგრამის დამტკიცების შესახებ სამართლებრივი აქტის პროექტი განიხილა. პროგრამა საკრებულოს წევრებს მერიის ძეგლთა დაცვის განყოფილების უფრსომა ლიკა ალადაშვილმა გააცნო.
პროგრამის მიხედვით გათვალისწინებულია ჭადრის ხის დაცვის მიზნით სხვადასხვა სამუშაოსა და ღონისძიების განხორციელება, ყორჩიბაშიშვილების სამხრეთ-აღმოსავლეთ ბურჯის რეაბილიტაციის საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის და სამუშაოების შესყიდვა, დაბახნების გორის კვლევითი, არქეოლოგიური სამუშაოებისა და კონსერვაციის საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვა და სხვა.
„კულტურული მემკვიდრეობა ამოუწურავი რესურსია ქვეყნისა თუ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის. ისტორიული ძეგლების გამოვლენა, დაცვა, გამოყენება ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური წინსვლის აუცილებელი პირობაა. ქვეყნის და მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას ტურიზმი და ამ სფეროდან შემოსული ეკონომიკური სარგებელი წარმოადგენს, ხოლო თელავის მუნიციპალიტეტს გააჩნია უნიკალური რესურსი და პოტენციალი ამ სფეროს განვითარებისთვის.
2024 წელს განსახორციელებელი ძეგლთა დაცვის პროგრამას ემატება თელავის ჭადრის ხესთან დაკავშირებული ღონისძიებები, რომელსაც თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 დეკემბრის განკარგულებით მინიჭებული აქვს ადგილობრივი მნიშვნელობის დაცული ხის სტატუსი. ქალაქ თელავში მდებარე ჭადრის ხე საქართველოში აღრიცხული ჭადრის საუკუნოვანი ეგზემპლარებიდან ყველაზე ასაკოვანია. შესაბამისად, ჭადარი, როგორც ისტორიული მნიშვნელობის ხე, რომელიც წარმოადგენს ქალაქის სავიზიტო ბარათს, ამავდროულად არის კულტურული ღირსშესანიშნაობა და საჭიროებს დაცვის განსაკუთრებულ რეჟიმს. შესაბამისად, დაიგეგმა სხვადასხვა ღონისძიების გატარება“, - განაცხადა ლიკა ალადაშვილმა.
სხდომაზე ასევე იმსჯელეს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდსათვის დასაფინანსებლად წარსადგენი თელავის მუნიციპალიტეტის 2024 წლის საპროექტო წინადადებების მოწონების შესახებ სამართლებრივი აქტის პროექტზეც. საპროექტო წინადადებები ითვალისწინებს სოფელ თეთრიწყლებში მინი მოედნისა და სასაფლაოსთან მისასვლელი გზის ბეტონის საფარით მოწყობას.
სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ საკრებულოს ორივე განკარგულების პროექტები ამ სახით წარედგინოს ბიუროს წარმომადგენლობითი ორგანოს მორიგი სხდომის დღის წესრიგში შეტანის მიზნით.