ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტები თელავში

5 February, 2024

თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან, მზია გიორგობიანთან, ევროპული კომისიის წარმომადგენელ დიანა  ჯაბლონსკასთან  და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლებთან ერთად ქ. თელავში, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის(PIRDP) ფარგლებში განხორციელებული პროექტები მოინახულეს.

ზემოთ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში,  თელავში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებსა და ტურისტულად აქტიურ ადგიკებზე განთავსდა QR კოდები, რომელიც ქალაქის ვიზიტორებსა და დამთვალიერებელს საშუალებას აძლევს დეტალური ინფორმაცია მიიღონ კონკრეტულ ძეგლსა თუ ტერიტორიაზე, ქართულ და ინგლისურ ენაზე.

PIRDP-ს ფარგლებში ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე განთავსდა ენერგო ეფექტური სკამები, რომელზეც დატანილია ქალაქის რუკა. აღნიშნული სრულად მზის ენერგიაზე ფუნქციონირებს, უზრუნველყოფილია დენის წყაროთი და Wi-Fi სისტემით.

ლევან ანდრიაშვილმა, სტუმრებთან ერთად, ასევე მოინახულა პროგრამის ფარგლებში განხორციელებული დამისამართების პროექტი, რომელიც ქალაქის ურბანული და ტურისტული განვითარებისათვის მეტად მნიშვნელოვანია. პროექტის ფარგლებში, შენობების მისამართის აღმნიშვნელი აბრები ხელნაკეთია და ქალაქის ინფრასტრუქტურასთან შერწყმული.

სტუმრებმა ასევე მოინახულეს: თელავში ახლად რეაბილიტირებული #2 საბავშვი ბაღი, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე სტრანდარტებით, გათვილილია 180 აღსაზრდელზე და მორგებულია შშმ ბავშვთა საჭიროებებზე;  ესტუმრნენ ქალაქში ახალი მრავალფუნქციური სპორტული მოედანი უნივერსიტეტის მიმდებარედ და კორტები, რომელიც საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში სრულად განახლდა. გადაიხურა 2 კორტი, მოეწყო ახალი ტრიბუნები, 6 ღია კორტი, სრულად შეიცვალა განათება და სხვა დამხმარე ინფრასტრუქტურა.

ზემოთ ჩამოთვლილი პროექტების საერთო ბიუჯეტმა  10 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

თელავის მუნიციპალიტეტში, 2020-2022 წლებში, ევროკაშირის მხარდაჭერით, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, ჯამში 15 პროექტია განხორციელებული, ურბანული არეალების და ბიზნესის განვითარების ჭრილში, რომელთა ჯამურმა ბიუჯეტმა 25 897 141 ლარი შეადგინა.

 

Share page