საკრებულოში ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა ჩატარდა
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიამ იმსჯელა სოფელ შალაურში მდებარე 214 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ სამართლებრივი აქტის პროექტზე.
კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული აღნიშნული უძრავი ქონება სახელმწიფოს საკუთრებაში გადაეცეს უსასყიდლოდ შემდგომში „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით საკუთრებაში გადაცემის მიზნით, რომელიც ხელს შეუწყობს თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში სამედიცინო მომსახურების განვითარებას.
სხდომაზე ამასთანავე განსახილველი საკითხი იყო მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების თელავის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრისთვის უსასყიდლო უზუფრუქტის ფრომით გადაცემის შესახებ მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე საკრებულო განკარგულების პროექტი.
აღნიშნული ორგანიზაციის მიზანია ხელი შეუწყოს სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას არაფორმალური განათლების, დასაქმებისა და სხვადასხვა სერვისის მიწოდების საშუალებით.
ქალაქ თელავში, დავით რექტორის ქუჩაზე მდებარე შენობა-ნაგებობაში არსებული 150 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი თელავის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრს 2005 წლიდან 2021 წლამდე სარგებლობაში ჰქონდა გადაცემული, რა დროსაც ორგანიზაციამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა უძრავი ქონების მდგომარეობა, განახორციელა სრულფასოვანი სარემონტო სამუშაოები, შენობა-ნაგებობა უზრუნველყო ბუნებრივი აირითა და ელექტროენერგიით.
ვინაიდან, აღნიშნული უძრავი ქონების ამ ეტაპზე რაიმე მიზნით გამოყენება არ არის დაგეგმილი, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია აღნიშნული ორგანიზაციისთვის მისი პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, 2 (ორი) წლის ვადით სარგებლობაში გადაცემა.