საკრებულოს დადგენილებით, მუნიციპალური ტრანსპორტი თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებშიც ივლის
"გუშინდელი დღე იყო საოცარი, ემოციებიდან ვერ გამოვდივართ. ჩვენმა საოცარმა გუნდმა დაწერა ისტორია. 30 წელი ვოცნებობდით, რომ საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს ეთამაშა ევროპის ჩემპიონატზე და ამ სანუკვარ მიზანს მივაღწიეთ", - ამის შესახებ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ მთვარელიშვილმა საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.
თენგიზ მთვარელიშვილმა ყველას მიულოცა საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიული გამარჯვება.
"გილოცავთ თითოეულ თქვენგანს, ვულოცავ ჩვენს გმირ ფეხბურთელებს და სრულიად საქართველოს. ღირსებით ევროპისკენ! საქართველოს გაუმარჯოს!“, - აღნიშნა თენგიზ მთვარელიშვილმა.
სხდომა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვით გაგრძელდა. საკრებულოს დადგენილებით, ცვლილბები შევიდა მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის მარშრუტებსა და მგზავრობის ტარიფში. M3 კატეგორიის ავტობუსებით თელავის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობაც ისარგებლებს.
ავტობუსები აკურის, იყალთოსა და ფშავლის მიმართულებით იმოძრავებენ, მგზავრობის ტარიფი კი 1 ლარით განისაზღვრება.
საკრებულომ ამასთანავე დაამტკიცა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტები. პროგრამის ფარგლებში 25 პროექტზე მეტის განხორციელებაა გათვალისწინებული და ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან 956 000 ლარი დაიხარჯება.
გარდა ამისა, საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს 2024 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას. ცვლილებების მიხედვით გათვალისწინებული ქალაქ თელავში ძმები ბოჭორიძეების ქუჩაზე ახალი სკვერის მოწყობის სამუშაოებისა და ე.წ. ყადორის სკვერის რეაბილიტაციის დაფინანსება, ასევე სოფელ კურდღელაურში, ქალაქ თელავში ალაზნის გამზირსა დაკავკასიონის ქუჩაზე მდებარე მინი-მოედნების დაზიანებული ხელოვნური საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
მთავარ საფინანსო დოკუმენტში შეტანილი ცვლილებები ასევე ითვალისწინებს ქალაქ თელავში ვატიას ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფინანსებასაც.