იყალთო

იყალთოს ადმინისტრაციული ერთეული

იყალთო მდებარეობს გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 700 მეტრზე. თელავიდან დაშორებულია 7 კილომეტრით. სოფლის მახლობლად დგას იყალთოს მონასტერი. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2034 ადამიანი.

იყალთოს სახელწოდებასთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსია არსებობს:

  1. ერთ-ერთი ბრძოლის დროს ქართველი ხალხი მარცხდებოდა. ბრძოლის ველიდან მაცნე წამოსულა სოფელში, რომელიც ამჟამინდელი აკადემიის ფერდობზე იყო გაშენებული და გასახიზნად მოუწოდებდა იქაურ მაცხოვრებლებს. ამ დროს ბრძოლის ბედი ქართველთა სასარგებლოდ შემობრუნებულა და მეორე მაცნე დასდევნებია, რომელიც ცხენს მოაქროლებდა და გაჰყვიროდა: „იყავთო, იყავთო“ - ანუ იყავით არ წახვიდეთო, გახიზვნა საჭირო აღარ არისო.
  2. სახელწოდება უცხო სიტყვისგან წარმოსდგება და დაახლოებით ნიშნავს „სავანეს“ „წალკოტს“. მისი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე.
  3. მესამე ვერსიით სახელწოდება „აყალოთ მიწებიდან“ წარმოსდგება, რაც სათიხე მიწებს ნიშნავს, რაც ამ ტერიტორიაზე მრავლად მოიპოვება. ჭურჭლის დასამზადებელი თიხა საექსპორტოდაც გამოიყენებოდა და მტკვრის დახმარებით თურქეთში გაჰქონდათ.

იყალთო IV საუკუნეში „ქალაქად“ მოიხსენიება ხოლო VI საუკუნეში აქ სამონასტრო ნაგებობათა მთელი კომპლექსი იხსნება. იყალთოს სამონასტრო კომპლექსი მოიცავს: ფერისცვალების ეკლესიას, იყალთოს სამებას, სამეკლესიან ბაზილიკას და იყალთოს აკადემიას. მონასტერის ტერიტორიაზე შემორჩენლია 3 ეკლესია და სატრაპეზოს ნანგრევები. გარდა ამისა, სოფელში მდებარეობს მე-6 საუკუნის წმ. სტეფანეს ეკლესია, ნათლისმცემლის და მთავარანგელოზის ეკლესია.  სამონასტრო კომპლექსის დაარსება VI საუკუნის მეორე ნახევარში იოანე ზედაზნელის მოწაფის და თანამოღვაწის - ზენონ იყალთოელის სახლეთან არის დაკავშირებული.  კერძოდ, იყალთოს მონასტერი 575 წლით თარიღდება. ზენონი იყალთოში ღვთაების მონასტრის აღმოსავლეთის კედელთან არის დაკრძალული, რის შესახებაც წერს თეიმურზ ბაგრატიონი: „ზენონ იყალთოელი დაფლული არს დიდსა მას ეკლესიასა შინამარჯვენით კერძო კედელთან“.

იყალთოს ტერიტორიაზე 59 ეკლესია-მონასტერია, რაც მდიდარ ისტორიულ წარსულზე მიანიშნებს. ჯერ კიდევ ფეოდალურ ხანებში აქ გაჩაღებული იყო დიდი კულტურული და სამონასტრო ცხოვრება, რამაც XII საუკუნეში ფილოსოფიური სკოლის დაარსებას შეუწყო ხელი. 

იყალთოს სამონასტრო კომპლექსი შედგება: 1. ფერიცვალების გუმბათიანი ეკლესია - თარიღდება IX საუკუნით, გადაკეთებულია XIX საუკუნეში; 2. ღვთისმშობლის ეკლესია - განვითარებული შუა საუკუნეები;  3. სამების ეკლესია - VI საუკუნის, გადაკეთებულია XIXსაუკუნეში; 4. აკადემია X-XIIსს; 5. ციხე მაყაშვილისა - XVIIIს; 6. წმ. სტეფანეს ეკლესია - VIII-IXსს, უკანასკნელად XXს-ის 50-იან წლებში შეუკეთებიათ მაგრამ არ დაუსრულებიათ. თუმცა, იყალთოს მონასტრის ანსამბლი უფრო მრავალრიცხოვანია. აღსანიშნავია, რომ აკადემიის ეზოში სამების ეკლესიის ქვეშ გადის გვირაბი, რომელიც ზეპირი გადმოცემით ძველ შუამთას უკავშირდება.

იყალთოს ხევს „ჩუმათ ხევი“ ეწოდება და იგი სოფელს ორ ნაწილად ყოფს. ხევის ორივე მხარეს გვხვდება ეკლესია-მონასტრები: კვირაცხოველი, ციხის ჯვარი, ბოჭორმა, კვირიკე, ძვენისა (ეს ეკლესია ფერდობთან ერთად ჩაქცეულა ხევში), ვარდისა რვთისმშობელი, იოანე ნათლისმცემელი, წმ. გიორგი, იოანე მახარობელი, ელია და სხვა.

იყალთოს აკადემიის ნანგრევები არ არის მხოლოდ ნაშთი ძველი ხუროთმოძღვრების, ის უკავშირდება ქართული კულტურის, მწერლობის, მეცნიერული აზროვნების განვითარების დიდი მოამაგის - არსენ იყალთოელის სახლეს, რომელმაც XII საუკუნეში შეძლო იმ დროის უდიდესი საგანმანათლებლო ცენტრის - იყალთოს ფილოსოფიური სკოლის დაარსება. არსენ იყალთოელი XIIსაუკუნის 30-იან წლებში გარდაიცვალა. დაკრძალულია ღვთაების ტაძარში, ზენო იყალთოელის გვერდით. თეიმურაზ ბაგრატიონი წერს: „მე უკვე მეფის ძე თეიმურაზს, თვალითა ჩემითა მიხილავს მონასტერი იყალთოისი და შკოლაცა იგი სასწავლო აღშენებული ღირსეულის არსენის მიერ, რომელსა შინა თვით ასწავლიდა. თუმცა სასწავლეველი იგი დარღვეულ არს მტერთაგან, მაგრამ კედელნი მ ისნი არიან დაშთომილი“. ვარაუდობენ, რომ იყალთოს აკადემიაში ისწავლებოდა ის 7 სამეცნიერო დისციპლინა, რომლებსაც ასწავლიდნენ გელათისა და მანგანას აკადემიებში: ღვთისმეტყველება, რიტორიკა, ფილოსოფია, ასტრონომია, მფიზიკა-მათემატიკა, გეომეტრია და ოქრომჭედლობა. დამატებით ასწავლიდნენ ლითონის დამუშავებას, მეთუნეობას, კერამიკას და მევენახეობა-მეღვინეობას. აკადემიაში ღებულობდნენ 16-17 წლის ახალგაზრდებს (უმეტესად დიდგვაროვნებს). სწავლის ხანგრძლივობა დაახლოებით 10 წლით განისაზღვრებოდა. ზეპირი გადმოცემით იყალთოს აკადემიაში სწავლობდა ქართველთა უკვდავი ნაწარმოების - „ვეფხისტყაოსნის“ ავტორი - შოთა რუსთაველი. 

1963 წელს კულტურის დამსახურებულმა მოღვაწემ გოგი შათირიშვილმა საფუძველი ჩაუყარა იყალთოს სახალხო უნივერსიტეტს, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე თავად ხელმძღვანელობდა. მასვე ეკუთვნის სახალხო დრესასწაულის - „შოთაობის“ დაწესება, რომელიც ასევე, 1963 წლიდან დღემდე ყოველწლიურად აღინიშნება ოქტომბრის ბოლო კვირას.

იყალთოს სახალხო უნივერსიტეტის არქივში ინახება „შაბეჭდილებათა წიგნი“, სადაც არაერთი გამოჩენილი ადამიანის მიერ დატოვებულ საქებარ სიტყვებს ამოიკითხავთ. მათ შორის არიან: აკაკი შანიძე, კონსტანტინე გამსახურდია, ნიკო კეცხოველი, გიორგი ჯიბლაძე, შალვა ნუცუბიძე, ირაკლი აბაშიძე, ლადო გუდიაშვილი და სხვა.

როგორც აღვნიშნეთ, იყალთოში კარგად იყო განვითარებული მეთუნეობა და მეჭურჭლეობა. იყალთოელი უხუცესი მეჭურჭლის აბრამ მრელაშვილის თიხის უნიკალური ქმნილებები ამშვენებს ბუდაპეშტის გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმს. აღსანიშნავია ტიტიკო მაყაშვილის ღვაწლი. მან 1911 წელს გაახსნევინა დაწყებითი სკოლა,  „ვაზის აღსადგენად სოფელში სპეციალურად მოიწვია ხაშმელი აგრონომი. აფთიაქიც მისი მადლია. წყლის გამოყვანაცა. პირველი ქოხ-სამკითხველოს გახსნას მანვე ჩაუყარა საფუძველი…“ ხშირად სტუმრობდა მას ილია ჭავჭავაძე. ილიას წიგნები მოჰქონდა და შემდეგ დიდი სჯა-ბაასი იმართებოდა. 1918 წელს ტიტიკო მაყაშვილმა იყალთოში დააარსა პირველი ბიბლიოთეკა, რომელმაც განვიტარების დიდი გზა განვლო და დღეისათვის 12 000-მდე ეგზემპლარს ინახავს.

 

 

წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში

გოჩა ქააძე 

მობ: 599 857764
E-mail: iyalto.telavi@gmail.com

 

 

სპეციალისტი

 

  • დავით გიგაური - მობ: 591 66 64 67
  • ვახტანგ ნარუსლიშვილი - მობ: 551 00 01 68


გადიდებული რუკის ნახვა

Share page