რუისპირი

რუისპირის ადმინისტრაციული ერთეული

რუისპირის ადმინისტრაციული ერთეული აერთიანებს სოფელ რუისპირსა და სოფელ ახატელს. რუისპირი მდებარეობს მდინარე თურდოს (ალაზნის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 600 მეტრზე და ქ. თელავიდან დაშორებულია 7 კილომეტრით. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2297 ადამიანი. 

ისტორიულ წყაროებში სოფელი რუისპირი "არტოზანის" სახელით არის ცნობილი. VI საუკუნეში აქ მოღვაწეობდნენ ქრისტიანი მისიონერები - ანტონ  მარტყოფელი და შიო მღვიმელი. არტოზანის ნამოსახლარზე დღემდე კარგად არის შემონახული VII-VIII საუკუნეებში აგებული წმ. შიოს სამონასტრო კომპლექსი, რომელსაც მოსახლეობა შიოს მარანს უწოდებს.
მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ნაპოვნია ნასახლარები და წყლისთვის განკუთვნილი ძველი ჯებირები, რომელთაც დაზიანების კვალი ატყვიათ. ერთ-ერთი ვერსიით მდ. თურდო უწინ გაცილებით მაღლა მოედინებოდა, მომხდარმა წყალდიდობამ დააზიანა ჯებირები და დასახლება. ამის შემდეგ მოსახლეობა ჩრდილოეთით ჩამოსულა და მდინარიდან გამომავალი რუების სიახლოვეს დასახლებულა. ვარაუდობენ, რომ სწორედ აქედან დაედო დასაბამი სოფლის დღევანდელ სახელწოდებას.

სოფელი ახატელი, XVII საუკუნიდან მოიხსენიება. აქ ერწოს ხეობის სოფელ "ახადელი"-დან ჩამოსახლებულ მოსახლეობას დაუდია ბინა.

რუისპირი თელავიდან ქართლში მიმავალ, მნიშვნელოვან გზაზე მდებარეობდა, რაც ზრდიდა სოფლის მნიშვნელობას, კახეთის სამეფოს წარმოქმნის შემდეგ XVI-XVII საუკუნეებში, რუისპირი კახეთის თავადების — მაყაშვილების სოფლად ითვლებოდა. მათვე ეკუთვნოდათ სოფლის მიმდებარე, ვრცელი საძოვრები და სხვა სავარგულებიც. რუისპირში, მაყაშვილებთან ერთად, მცირე ყმა-მამულს ფლობდნენ აზნაურები: ჩიგილაშვილები, თარხნიშვილები, მდივნები და სხვებიც. ამავე საუკუნეებში პარალელურად იხსენიება სოფელი არტოზანი და „არტოზნელებიც“. მნიშვნელოვანი ადგილმდებარეობის გამო, რუისპირზე მტრის თავდასხმები ძალზე ხშირი იყო, განსაკუთრებით კი XVII-XVIII საუკუნეებში — „ლეკიანობის“ ჟამს. ცნობილია, რომ 1754 წლის ზაფხულში ხუნძახის პატრონმა ლეკთა ბელადმა, მჭადიჯვართან დამარცხებამდე, რუისპირი და იყალთო ერთიანად გადაწვა. მოსახლეობის დაცვის მიზნით, სოფელში აშენდა ორი ციხე-გალავანი: ერთი — სოფლის ჩრდილოეთ განაპირას, ალაზნის მხარეს და მეორე — სამხრეთით. ორივე მაყაშვილებს ეკუთვნოდა. 

ქართლ-კახეთის სამეფოს არსებობის დროს რუისპირი ადმინისტრაციულ-ტერიტორიულად III სადროშოს შემადგენლობაში შედიოდა. ომის შემთხვევაში მაყაშვილები „ერთობით, ყმით, საყელოთი“, რუისპირიდან გამოსული ლაშქრის ჩათვლით, რუსთველი ეპისკოპოსის დროშის ქვეშ უნდა დამდგარიყვნენ და როგორც სარდალს, მას უნდა დაქვემდებარებოდნენ. რუისპირის გარდა, ახლომახლო სოფლებიდანაც მოდიოდა ხიზანი. რუისპირის ციხე-გალავნების მნიშვნელობა ამ მხრივ მეტად დიდია. 1762 წელს მიწისძვრის შემდეგ, ერეკლე II-ეს ერთ-ერთი მათგანი შეუკეთებია. 

კახეთის 1812 წლის აჯანყების დროს, თიანელებმა, მატნელებმა და ახმეტელმა მოლაშქრეებმა გაწყვიტეს მატანში მდგარი რუსები. ეს აჯანყების ახალი აღმავლობის ნიშანი გახდა. კახელებმა ბევრ სოფელში აღკვეთეს რუსთა ეგზეკუციები. ისინი ბატონიშვილ იოანეს ძის, გრიგოლის მეთაურობით დაირაზმნენ. მათ დასახმარებლად მოვიდნენ ლეკებიც. სულ 4 000 კაცამდე შეიკრიბა. რუსებს კი საგარეჯოდან 300 ჯარისკაცი მიაშველეს. რუისპირთან, ციხესიმაგრეებში, რუსებსა და კახელ აჯანყებულებს შორის, დიდი ბრძოლა გაიმართა. კახელებმა შეძლეს დამსჯელთა დამარცხება და განადგურება. გადარჩენილი რუსი ოფიცრები და ჯარისკაცები თელავის ციხეში შეიკეტნენ.

ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებისა და რუსული მმართველობის დამყარების შემდეგ, რუისპირი ტფილისის გუბერნიის თელავის მაზრაში შევიდა.

სოფელში ერეკლე II-ს საზაფხულო რეზიდენცია ჰქონია. იგი მაყაშვილებთან ჩერდებოდა. აქ „სანიავოს“ სახელწოდებით შემორჩენილია ციხე-გალავანი. შავი ჭირის ერთ-ერთი ეპიდემიის დროს მეფემ მთელი ოჯახით სოფელ რუისპირს შეაფარა თავი.

ისტორიული ძეგლებიდან აღსანიშნავია ახატელის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი. ძეგლის აგების თარიღი დადგენილი არ არის. საკმაოდ მოცულობითი ზომის კარგად შეკრული ნაგებობა წარმოადგენს ოდნავ წაგრძელებულ მართკუთხედს, რომელიც ნაგებია რიყის ქვით და აგურით. აღმოსავლეთისა და დასავლეთის კედლებში დატანებულია თითო-თითო სარკმელი, ხოლო ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლებში სამ-სამი, რისი წყალობითაც შიდა სივრცე კარგად არის განათებული.

XVIII საუკუნის რუისპირის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია მე-20 საუკუნის 30-იან წლებამდე იყო მოქმედი. მე-20 საუკუნეში დაინგრა და განადგურდა მონასტრის ეზო, ბაღი და სახლი. 2008 წელს დაიწყო ეკლესიის განახლება. ძეგლი გვიანფეოდალურ ხანაშია აგებული. რამდენიმე ხნის წინ დანგრეული ეკლესიის ფუნდამენტზე და ძველი კედლების გამოყენებით ახალი ნაგებობა აშენდა, აღდგენილ იქნა სახურავი და რაც მთავარია ძეგლს შეუნარჩუნდა გარე პერიმეტრები. ტაძარში ახალი შუამთის მონასტრიდან მობრძანდა ხახულის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ასლი, ნიშნად წმინდა ნიკოლოზის ტაძრის შუამთის მონასტერთან ისტორიული კავშირისა. ამ ტაძრისთვის საგანგებოდ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, დაიწერა წმინდა ნიკოლოზის ხატი. ხატი შექმნილია იტალიის ქალაქ ბარის წმინდა ნიკოლოზის ხატის მიხედვით, რომელიც მე-14 საუკუნეში სერბეთის მეფის სტეფანე მესამე უროშის დაკვეთით დაიწერა. მოოქროვილი ვერცხლის პერანგი და ტიხრული მინანქრის მედალიონები დავით კაკაბაძის ნაკეთობაა. ამ დროისატვის დასრულებულია ტაძრის მოხატვა, მოძღვრის სახლის მშენებლობა და მარანი, სადაც ღვინო ტრადიციული მეთოდით დამზადდება. ტაძრის შიდა მოხატულობაზე მუშაობდნენ მხატვრები: ვაჟა სვიმონიშვილი და თეიმურაზ ყაზახაშვილი. წმინდა ნიკოლოზის ეკლესია 2011 წლის 19 დეკემბერს აკურთხა აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა.


სოფელი ყოველი წლის მაისის ბოლოს და ივნისის დასაწყისში აღნიშნავს ამაღლების და დავითობის დღესასწაულს.  

 

წარმომადგენელი

 

თემური გიგაური

მობ:  599 857756
ელ-ფოსტა: ruispiri.telavi@gmail.com


სპეციალისტი

  • ლიდა ხანჯალიაშვილი - 599 52 69 97



გადიდებული რუკის ნახვა

Share page