თელავში მუსიკოს პავლე დემურიშვილის ვარსკვლავი გაიხსნა

3 May, 2019

თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის მუსიკალური სასწვლებლის წინ საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, თელავის საპატიო მოქალაქის და ღირსების ორდენის კავალერის, მუსიკოს პავლე დემურიშვილის ვარსკვლავი გაიხსნა. ვარსკვლავის გახსნის ცერემონიამდე თელავის კულტურის ცენტრთან არსებულმა ქალთა კაპელამ „კახეთის ჰანგები“ პავლე დემურიშვილის დირიჟორობით გამართა კონცერტი, სადაც რამდენიმე სიმღერა და საგალობელი შეასრულა. ღონისძიებაზე პავლე დემურიშვილის ბიოგრაფიის, მიღწევებისა და დამსახურებების შესახებ ისაუბრა თელავის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსმა ფიქრია ყუშიტაშვილმა. ღონისძიების დასასრულს პავლე დემურიშვილს ვარსკვლავის გახსნა მიულოცეს თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძემ, რომელმაც მუნიციპალიტეტის სახელით საჩუქარი გადასცა.


„გილოცავთ ამ ღირსშესანიშნავ დღეს. თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელმაც მრავალი თაობა გაზარდა და ძალიან ბევრ ადამიანს შეაყვარა მუსიკა. თქვენი ღვაწლი ფასდაუდებელია თელავისა და ზოგადად ქვეყნის წინაშე. წლების განმავლობაში თქვენ ყველაზე მთავარი მოიპოვეთ - ხალხის სიყვარული და პატივისცემა. გისურვებთ დიდხანს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას“, - აღნიშნა არჩილ თხლაშიძემ სიტყვით გამოსვლისას.

„ვარსკვლავის გახსნა არის მხოლოდ მცირედი მადლიერების გამოხატვა საზოგადოების მხრიდან იმ გაწეული შრომისთვის, რასაც ბატონი პავლე წლების განმავლობაში დიდი სიყვარულით აკეთებდა. ქალთა კაპელა, რომელიც 45 წელზე მეტია არსებობს თელავში, არის ბატონი პავლეს დამსახურება. მინდა ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე ვუსურვო, რათა კიდევ მრავალი თაობა აღზარდოს.“ - განაცხადა შოთა ნარეკლიშვილმა.

მუსიკოსს ღირსშესანიშნავი დღე ასევე მიულოცეს კულტურის პალატის პრეზიდენტმა დავით ოქიტაშვილმა, თბილისის კონსერვატორიის პროფესორმა გივი მუნჯიშვილმა, კომპოზიტორმა რუსუდან ხორავამ, კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის კულტურის მიმართულების სპეციალისტმა ლეილა ლეგაშვილმა, ქალთა კაპელას სოლისტმა ეკატერინე მანველიმ და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა ფიქრია ყუშიტაშვილმა.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ: კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ირაკლი შიოშვილი, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები. პავლე დემურიშვილმა 1962 წელს თელავის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი, 1967 წელს თელავის მუსიკალური სასწავლებელი, ხოლო 1972 წელს ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი დაამთავრა. 1962-1965 წლებში ის იყო თელავის კულტურის სახლის სამხატვრო ხელმძღვანელი; 1964-1996წლებში თელავის მე-8 საშუალო სკოლაში მუშაობდა სიმღერის მასწავლებლად, 1968 წლიდან თელავის მუსიკალური სასწავლებლის გუნდის პედაგოგი, ხოლო 2009 წლიდან კი თელავის კულტურის ცენტრთან არსებული ქალთა კამერული გუნდის დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელია. მის რეპერტუარში შედის 600-ზე მეტი სხვადასხვა ჟანრისა და ფორმის საგუნდო მუსიკა, მათ შორის ქართული ხალხური სიმღერები და საგალობლები.


ფოტოები იხილეთ საკრებულოს Facebook-ზე:
ფოტოები იხილეთ მერიის Facebook-ზე:

Share page