ისტორია
თელავი — ქალაქი აღმოსავლეთ საქართველოში, გომბორის ქედის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთი კალთის ძირას და ალაზნის ვაკეზე, კახეთის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი. თბილის-თელავის სარკინიგზო ხაზის ბოლო სადგური. ზღვის დონიდან 550-800 მ, თბილისიდან 158 კმ. ქალაქად გამოცხადდა1801 წელს. მოსახლეობა 19 629 (2014 წ.).
ახლანდელი თელავის ტერიტორიაზე პირველი დასახლება გვიანდელი ბრინჯაოს ხანაში გაჩნდა, ელინისტურ ხანაში განვითარდა, ხოლო გვიანდელ ანტიკურ ხანაში მის ბაზაზე წარმოიქმნა ქალაქის ტიპის დასახლება.
ქართულ წყაროებში თელავი გვხვდება XI საუკუნიდან, როდესაც იგი კახეთ-ჰერეთის სამთავროს ცენტრი გახდა. XII საუკუნეში იგი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი იყო განვითარებული ვაჭრობითა და ხელოსნობით. თელავზე გადიოდა სავაჭრო-საქარავნო გზები. XIII საუკუნის II ნახევრიდან, მონღოლთა ლაშქრობების შემდეგ მისი მნიშვნელობა დაეცა. შემდგომში იგი მონღოლი მოხელის სადუნ მანკაბერდელის საკუთრება გახდა. XV-XVI სს-ში თელავი ისევ დაწინაურდა. XVII საუკუნეში ქალაქის შემდგომი განვითარება შეაფერხა ირანის შაჰის აბას I-ის ლაშქრობებმა. XVII საუკუნის II ნახევარში კახეთის მეფე არჩილ II-მ თავისი რეზიდენცია გრემიდან თელავში გადმოიტანა. ამ პერიოდიდან თელავი მწიგნობრობის კერად იქცა. აქ სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ არჩილ II, დავით II (იმამყული-ხანი), თეიმურაზ II, საიათნოვა და სხვა. თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის ოჯახში დამკვიდრებულ ლიტერატურულ ტრადიციებზე აღიზარდა ქართველ ბატონიშვილთა მთელი თაობა.1758 წელს თელავში დაარსდა საფილოსოფოსო-საღვთისმეტყველო სკოლა, რომელიც 1782 წელს სემინარიად გადაკეთდა. აქ საგანმანათლებლო და შემოქმედებით საქმიანობას ეწეოდნენ ფილიპე ყაითმაზაშვილი, გაიოზ რექტორი, დავით რექტორი და სხვები.
ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების (1801) შემდეგ თელავი ახალი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის თელავის მაზრის ცენტრი გახდა. 1930 წლიდან კი თელავის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი იყო.
თელავის მუნიციპალიტეტში ხუროთმოძღვრული ძეგლებიდან აღსანიშნავია იყალთოს სამონასტრო კომპლექსი, რომელიც დაარსებულია ერთ-ერთი ასურელი მამის ზენონ იყალთოელის მიერ VI საუკუნეში. აღსანიშნავია ასევე ძველი შუამთის მონასტერი. ანსამბლში შედის V საუკუნის ბაზილიკა, გუმბათოვანი და მცირე გუმბათოვანი ეკლესია. XVI საუკუნეში ძველი შუამთის მონასტერი დაცარიელდა. მის მახლობლად კახთა მეფის ლევან II -ის მეუღლემ თინათინ გურიელის ასულმა დააარსა შუამთის ახალი მონასტერი. სოფელ კისისხევში დგას უძველესი (VI-VII სს) ღვთისმშობლის ეკლესია. სოფელ აკურას მიდამოებშია მამადავითის მონასტერი. სოფელ რუისპირში ასევე შემონახულია ისტორიული მნიშვნელობის ძეგლები.
თელავი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძი, სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო (მეღვინეობის) და კულტურული ცენტრია. აქ არის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ყოფილი პედაგოგიური ინსტიტუტი), თეატრი, ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი. ქალაქის ღირშესანიშნაობებია: ღვთაების ბაზილიკა (VI-VII სს.), ციხე-სიმაგრე ძველი გალავანი (X-XI სს.). თელავში არის ალავერდის ეპარქიის რეზიდენცია.
სასარგებლო ბმულები: