თელავის დამეგობრება ლიეტუვასთან
2018 წლის 7 მაისს თელავის მუნიციპალიტეტს სტუმრობდა ლიეტუვის რესპუბლიკის კაუნასის რეგიონის დელეგაცია. თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა და ლიეტუვის რესპუბლიკის კედაინიაის მუნიციპალიტეტის მერმა საულიუს გრინკევიციუსმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. აღსანიშნავია, რომ დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ლიეტუვის რესპუბლიკის კაუნასის რეგიონის 7 მუნიციპალიტეტის მერი. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები ალექსანდრე საჩიშვილი და გურამი გურაბანიძე, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიგა ორკოდაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები. შეხვედრაზე კოლეგებმა განიხილეს თელავისა და კედაინიაის მუნიციპალიტეტების ტურისტული და ეკონომიკური პოტენციალი. თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა ისაუბრა თელავის მუნიციპალიტეტში ტურიზმის მზარდი მაჩვენებლებისა და მეღვინეობის დარგის მიღწევების შესახებ. შეხვედრის დასრულების შემდეგ სტუმრებმა დაათვალიერეს ქალაქის ღირსშესანიშნაობები და გაეცნენ ქართულ ტრადიციებს და კულტურას.