თელავის მუნიციპალიტეტი უკრაინის ქალაქ ბალტას და ბელარუსის ქალაქ კლეცკს დაუმეგობრდა

6 ნოემბერი, 2018

თელავის მუნიციპალიტეტმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა უკრაინის ოდესის ოლქის ქალაქ ბალტასთან და ბელარუსის რესპუბლიკის ქალაქ კლეცკთან. 
მემორანდუმს ხელი მოაწერეს თელავის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გიორგი თუშიშვილმა, უკრაინის ოდესის ოლქის ქალაქ ბალტას ხელმძღვანელის მოადგილემ - ვალერი ჟელხოვსკიმ და ბელარუსის რესპუბლიკის ქალაქ კლეცკის რაიონული აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ - ალექსანდრ ლომსკიმ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის მოადგილე ირაკლი შიოშვილი, უკრაინის ელჩი საქართველოში - იგორ ალექსეის ძე დოლგოვი, თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ალექსანდრე საჩიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები თელავთან დამეგობრებული ქალაქებიდან: კედაინიაი, ანიკშჩაი (ლიეტუვა), კლეცკი, გლუბოკოე (ბელარუსის რესპუბლიკა), ბიბერახი (გერმანია), ტალსი (ლატვია), ბალტა (უკრაინა).

ღონისძიებაზე ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე, არსებულ გამოცდილებაზე, ქვეყნებს შორის მეგობრული კავშირების დამყარებისა და განმტკიცების მნიშვნელობაზე.

ღონისძიების შემდეგ, სტუმრებმა რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობა მოინახულეს, სადაც მონაწილეობა მიიღეს სიმბოლურ რთველში, ტრადიციული მეთოდით დაწურეს ყურძენი, დააგემოვნეს ქვევრის ღვინო, ამოავლეს ჩურჩხელები და ნახეს თონეში კახური შოთის გამოცხობის პროცესი.

ალბომი

გააზიარე