სტიქიამ თელავის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზიანა
თელავის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა მდინარეების და ხევების ადიდება გამოიწვია, რის გამოც დაზიანდა ინფრასტრუქტურა და დაიტბორა სავარგულები. კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარე სტორი და სოფელ ლეჩურში გზის მონაკვეთი ჩამოშალა.
ადიდებულია მდინარე ლოპოტა, ჭიჭაკვის ხევი და დიდხევი. მორღვეულია გაბიონები და დამბები. სტიქიამ განსაკუთრებით ე.წ. გაღმა ზონის სოფლები - ფშაველი, ლეჩური, ლალისყური, ნაფარეული, სანიორე და ართანა დააზარალა. ასევე, იყალთოს ხევის ადიდებამ სოფელი რუისპირის ტერიტორია დატბორა, ხოლო უსახელო ხევში ჩამოტანილმა ნაშალმა ნიაღვარგამტარი არხი ჩაკეტა და წყალმა აეროპორტის ასაფრენ ბილიკამდე მიაღწია.
საგანგებო რეჟიმში მუშაობენ თელავის მუნიციპალიტეტის მერია, საგზაო და სამაშველო სამსახურები.
ფშაველსა და ლალისყურში სასმელი წყლის სათავე ნაგებობების დაზიანების გამო მოსახლეობას წყალი ცისტერნებით მიეწოდება. სტიქიის ზონებში მობილიზებულია მძიმე ტექნიკა. მიმდინარეობს ნაპირსამაგრი სამუშაოები, არხების და მდინარეების კალაპოტების გაწმენდა.
ადგილზე იმყოფებიან თელავის მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვილი, მერის მოადგილე დავით ბეგიაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.