ქალაქ თელავის განაშენიანების გენერალური გეგმის საჯარო განხილვა

24 May, 2019

დღეს, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქალაქ თელავის მიწათსარგებლობისა და ცენტრალური მოედნის განაშენიანების გენერალური გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა.

შპს „ატელიე არქტიქტსის“ წარმომადგენელმა, სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა ვახტანგ კასრელიშვილმა განაშენიანების და მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.

როგორც ვახტანგ კასრელიშვილმა აღნიშნა, ქალაქ თელავის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა და ცენტრალური მოედნის განაშენიანების რეგულირების გეგმის ერთ-ერთი მიზანია საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიის განვითარების წარმატებული ტენდენციების გათვალისწინება და ისტორიულ ურბანულ გარემოში ტურიზმის განვითარების შესაძლებლობების საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება. კასრელიშვილის განმარტებით, როგორც ერთიანი დოკუმენტის შემადგენელი ნაწილი, გენერალური გეგმა ითვალისწინებს ქალაქის განვითარების პროცესში ეკონომიკური და სოციალური საჭიროების გააზრებას და ტურიზმს განიხილავს, როგორც რეგიონში ერთ-ერთ წამყვან ეკონომიკურ ინსტრუმენტს მდგრადი განვითარებისათვის. „წელიწადზე მეტია, რაც ვმუშაობთ ქალაქ თელავის გენერალურ გეგმაზე. სამუშაო 4 ეტაპს მოიცავდა - დოკუმენტური მასალების მოძიება, საველე სამუშაოები, მოსახლეობასთან შეხვედრები, საჯარო განხილვები და ვორქშოფები. მოგეხსენებათ, რომ ქალაქ თელავის ბოლო გენგეგმა დამუშავდა 70 წლის წინ, ამიტომ, სამუშაო ჯგუფმა საკმაოდ დიდი შრომა გასწია გენგეგმაზე მუშაობის პროცესში.

გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო წლების განმავლობაში კახეთში ტურიზმი აქტიურ ფაზაშია, ამ გარემოებამ თავისი გავლენა იქონია თელავზე და, რა თქმა უნდა, ვეცადეთ, გაგვეთვალისწინებინა ეს გამოწვევები, რათა ხელი შეეწყოს ინვესტიციის განხორციელებას, ეკონომიკურ ზრდას, სოციალური პრობლემების გადაჭრას. შეიძლება ითქვას, რომ გენგეგმა ქალაქს აძლევს სამოქმედო გეგმას, თუ საით უნდა იმოქმედოს მომავალში. შვიდი ბორცვი, რომელზეც განალაგებულია ქალაქის ისტორიული ნაწილი, ქმნის მომავალი ტურისტული განვითარების ჩარჩო-კონცეფციას. ისტორიულ კონტექსტში ქალაქი ამ ბორცვებით გარშემორტყმული ვითარდებოდა. შესაბამისად, მის მიმართ ინტერესის გაღვივებისათვის აუცილებელია ამ უნიკალური ფაქტორის გამოყენება. თითოეული ბორცვი, როგორც ერთიანი სამკაულის ცალკეული რგოლი, უნდა ჩამოყალიბდეს, როგორც მიმზიდველობის კერა თავისი განუმეორებელი ფუნქციურ-ისტორიული სახით და ამით შეიქმნას ქალაქის შემაკავშირებელი ერთიანი ტურისტული ბილიკი. ბორცვების ირგვლივ ბუნებრივად განვითარდება ტურისტული ინფრასტრუქტურა, კეთილმოეწყობა საჯარო სივრცეები, დაცული იქნება იქ არსებული ისტორიული თუ არქიტექტურული ძეგლები და რეკრეაციული სივრცეები“, - განაცხადა ვახტანგ კასრელიშვილმა.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ შეხვედრა დამსწრე საზოგადოების აქტიური ჩართულობით დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა. შეხვედრას ესწრებოდნენ აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე, თელავის მერი შოთა ნარეკლიშვილი, საკრებულოს დეპუტატები, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, მედიის, კერძო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

ფოტოები იხილეთ Facebook-ზე:

გააზიარე