თელავის პირველი სამუსიკო სკოლა 100 წლისაა
18 ივნისს, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო თეატრის სცენაზე, თელავის პირველი სამუსიკო სკოლის 100 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაზე სამუსიკო სკოლის წარმომადგენლებმა სკოლის დაარსებიდან დღემდე განვლილი გზა გაიხსენეს და დამსწრე საზოდგადოების წინაშე სხვადასხვა მუსიკალური ნომრებით წარდგნენ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის მერი - შოთა ნარეკლიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.
პირველ სამუსიკო სკოლას იუბილე მიულოცეს: სამუსიკო საზოგადოების თავმჯდომარემ - მანანა ახმეტელმა, თელავის საპატიო მოქალაქემ და ხელოვნების ქურუმმა - გივი მუნჯიშვილმა, სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის წარმომადგენელმა - ლეილა ლეგაშვილმა და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა - ფიქრია ყუშიტაშვილმა, რომელმაც მერიის სახელით სკოლის ღვაწლმოსილ პედაგოგებს და წარჩინებულ მოსწავლეებს სიმბოლური საჩუქარი და მადლობის სიგელები გადასცა.
პირველი სამუსიკო სკოლა 1919 წელს ზაქარია ჩხიკვაძემ დააარსა. დღეისათვის სკოლაში სწავლება საფორტეპიანო, ვოკალური, საორკესტრო და ხალხური საკრავების მიმართულებით მიმდინარეობს.