სოციალურ და ძეგლთა დაცვის პროგრამებში ცვლილებები შევიდა
დღეს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელზეც ერთ-ერთი განსახილველი საკითხი იყო სოციალურ და ძეგლთა დაცვის პროგრამებში ცვლილებების შეტანა. თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსის, ვახტანგ გაგნიძის განმარტებით, ძეგლთა დაცვის პროგრამას დაემატა ქალაქ თელავის ტერიტორიაზე მიწისქვეშა გვირაბების საძიებო სამუშაოები და ყორჩიბაშიშვილების ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთი ბურჯის რეაბილიტაციის პროექტის შესყიდვა. პროექტების განსახორციელებლად ბიუჯეტიდან, ჯამში, 15 300 ლარი დაიხაჯება.
საკრებულოს წევრებმა ასევე იმსჯელეს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამაში ცვლილებების შეტანაზე, რომლის მიზანია ჯანდაცვის პროგრამების შეუფერხებლად ფუნქციონირება და შესაძლებლობის ფარგლებში ბენეფიციართა განცხადებების დაკმაყოფილება, რომელიც მოითხოვს ფინანსური სახსრების მობილიზებას. როგორც თელავის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსმა, გიორგი ენუქიძემ აღნიშნა, 2018 წელთან შედარებით სამედიცინო მომსახურების დაფინანსებისა და სამედიცინო დანიშნულების დამხმარე საშუალებების ან/და მედიკამენტების დაფინანსებაზე მოქალაქეთა მომართვიანობა საკმაოდ გაიზარდა, შედეგად კი აღნიშნულ ქვეპროგრამებში გათვალისწინებული თანხა მთლიანად ამოიწურა. ცვლილებების შედეგად, ჯანდაცვის პროგრამას 150 000 ლარი დაემატა.
დეპუტატებმა ასევე განიხილეს თელავის მუნიციპალეტეტის 2019 წლის ბიუჯეტში ცვილებების პროექტი, რომლის მიზანია სოფელ ლალისყურში მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობისათვის მიწის ნაკვეთის შესაძენად თანხის გამოყოფა, გამხმარი და საფრთხის შემცველი ხეების მოჭრა-ვარჯის ფორმირების ღონისძიებების განხორციელება, უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების თავშესაფარში გადაყვანა და შესაბამისი მომსახურების გაწევა და ჭიდაობის სპორტული სკოლის ვეტერანი ძიუდოისტების ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობისათვის თანხის გამოყოფა.
საკრებულოს სხდომაზევე იმსჯელეს ქალაქ თელავის ტერიტორიაზე გარე რეკლამის გავრცელების გეგმის დამტკიცების შესახებ პროექტსა და საკრებულოს 2018 წლის 8 თებერვლის დადგენილებაში მშენებლობის სანებრათვო მოსაკრებლისა შემოღებისა და სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციაში მოსალოდნელ ცვლილებებზე.
მერიამ დეპუტატებს ასევე წარუდგინა პროექტი, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნუნუ სუმბაძესა და სოფელ ქვემო ხოდაშნის ქალთა საინიციატივი ჯგუფისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, დროებითი სარგებლობის უფლებით უსასყიდლოდ გადაცემას ითვალისწინებს. იურიდიულ საკითხთა კომისიამ თელავის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა რეკომენდაციით, რათა გამოინახოს სწორი სამართლებრივი ფორმა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტში ცვლილებების შეტანაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ პროექტი კი დეპუტატებს გააცნო იურიდიული საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ.
ნანა ხვისტანმა წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებს ასევე წარუდგინა პროექტი, რომელიც მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ორგანოების სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, აღრიცხვისა და შესყიდვის წესის დამტკიცების ნორმატიული აქტის მისაღებად ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას გულისხმობს. საკრებულოს დღის წსრიგით გათვალისწინებულ ათივე საკითხს დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს.
საკრებულოს სხდომას დეპუტატების გარდა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და მოქალაქეები ესწრებოდნენ.