თელავის საკრებულომ მორიგი სხდომა ჩაატარა

30 ივლისი, 2019

 

თელავის მუციპალიტეტის საკრებულოს სხდომა ჩატარდა. დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 13 საკითხი განიხილეს.

დეპუტატებმა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელ პროექტებში ცვლილებების შეტანას დაუჭირეს მხარი.  ცვლილება შევიდა სოფელ იყალთოში, კონდოლსა და ლეჩურში განსახორციელებელ პროექტებში.

სხდომაზე ასევე იმსჯელეს თელავის მუნიციპალიტეტში 2019 წელს განსახორციელებელი კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამაში შესატან ცვლილებებზე. პროექტი დეპუტატებს თელავის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა გააცნო. ფიქრია ყუშიტაშვილის განმარტებით,  მიმდინარე წლის ივნისში ჩატარდა სასკოლო ფესტივალი „ხელოვნება და შემოქმედება“, რომლის ბიუჯეტი განსაზღვრული იყო 29 900 ლარით. აღნიშნული ღონისძიებიდან დარჩენილი ეკონონომია 3650 ლარია, რომელიც უნდა მოხმარდეს ახალგაზრდებისათვის კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროს შეხვედრა-სემინარებს.

გარდა ამისა, დეპუტატებმა განიხილეს 2019 წლის ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებებიც, რომელიც ითვალისწინებს კისისხევის ხევისა და თურდოს ხევის კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოებისთვის საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შეძენას, სოფელ თეთრიწყლებში ცენტრალური გზის მოასფალტების სამუშაოების განხორციელებასა და მუნიციპალური ტრანსპორტის ავტოსადგომის მშენებლობას.

დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ ყველა საკითხს მხარი დაუჭირეს.

გააზიარე