საკრებულომ რიგგარეშე სხდომა ჩაატარა

18 ოქტომბერი, 2019

ქალაქ თელავში ავტობუსების სადგომი და დამხმარე ნაგებობები აშენდება. საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისათვის წარსდაგენი აღნიშნული საპროექტი წინადადება დღეს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგგარეშე სხდომაზე მოიწონა. საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძის განმარტებით, რიგგარეშე სხდომის ჩატარების მიზეზი აღნიშნული პროექტის დროულად განხორციელებაა. 

„პროექტის განსახორციელებლად მთელი რიგი პროცედურებია საჭირო. პროექტი სამხარეო-საკონსულტაციო საბჭომ უნდა მოიწონოს და უნდა გაიგზავნოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდში, შემდეგ გამოცხადდეს ტენდერი. ამ პროცედურების გავლამდე აუცილებელია რომ პროექტი საკრებულომ მოიწონოს. ეს პროცესი დროში რომ არ გაიწელოს, სწორედ ამიტომ ჩავატარეთ საკრებულოს რიგგარეშე სხდომა“, - განაცხადა არჩილ თხლაშიძემ.

პროექტის ღირებულება 1 305 465 ლარია, საიდანაც მუნიციპალიტეტის თანადაფინანსება 200 000 ლარით განისაზღვრება. ავტობუსების სადგომისა და დამხმარე ნაგებობების მშენებლობის მიზნით თელავის მუნიციპალიტეტის მერია ტენდერს უახლოეს მომავალში გამოაცხადებს.

ცნობისთვის, რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკის (EBRD) დაფინანსებით, 2020 წლიდან თელავის მუნიციპალიტეტში 10 ახალი ავტობუსი შემოვა. თელავისთვის ახალი, დიზელზე მომუშავე, 8 მეტრიანი 52 ადგილიანი ავტობუსების შეძენას მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს. ავტობუსები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ადაპტირებული იქნება. 

 

გააზიარე