თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 9 ავტოსატრანსპორტო საშუალების გაყიდვა იგეგმება
თელავის მერია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 9 ავტოსატრანსპორტო საშუალების გაყიდვას გეგმავს. საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის დღეს გამართულ სხდომაზე მერიის მიერ ინიცირებული პროექტი დეპუტატებს ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა გააცნო. გიორგი თავბერიძის განმარტებით, პრივატიზების გეგმის დამტკიცების შემთხვევაში, ავტომობილების გაყიდვით ადგილობრივ ბიუჯეტში 30 000 ლარზე მეტი შემოვა.
კომისიის სხდომაზე თავბერიძემ ასევე კიდევ ერთი ნორმატიული აქტის პროექტი წარადგინა, რომელიც სამ სოფელში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანას ითვალისწინებს.
„სოფლებში - კურდღელაურში, იყალთოსა და შალაურში იგეგმება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გაყიდვა. იმ შემხვევაში თუ საკრებულო პროექტს მხარს დაუჭერს, ბიუჯეტში დაახლოებით 32 ათასი ლარი შემოვა“, - განაცხადა გიორგი თავბერიძემ.
მერიის მიერ ინიცირებულ ორივე პროექტს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიამ მხარი დაუჭირა.