ევროკავშირისგან თელავის მუნიციპალიტეტს საჩუქრად ტრაქტორები გადაესცა

6 ნოემბერი, 2019

საქართველოში ევროკავშირის ელჩი  კარლ ჰარცელი ოფიციალური ვიზიტით დღეს თელავში იმყოფებოდა და ევროკავშირის ინიციატივის  "მერების შეთანხმების" ფარგლებში  თელავის მუნიციპალიტეტს 150 ათასი ლარის ღირებულების ტრაქტორები გადასცა.

ელჩს თელავის მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე, მერის მოადგილეები და საკრებულოს წევრები შეხვდნენ.

მერების შეთანხმების ფარგლებში თელავის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში გათბობის ენერგოეფექტური სისტემები მოეწყობა, რაც საწვავად ბიომასას მოიხმარს. აღნიშნული ტექნიკა გამოყენებული იქნება ადგილობრივი სოფლის მეურნეობის ნარჩენების შესაგროვებლად და ბიომასის შესაქმნელად. ენერგოეფექტური გათბობის სისტემა ხელს შეუწყობს ჰაერში CO-ს ემისიებისა და საწვავის ხარჯის შემცირებას.

„მერების შეთანხმება“ წარმოადგენს ევროკავშირის ინიციატივას, რომელიც სათავეს იღებს 2008 წლიდან და აერთიანებს ადგილობრივ, რეგიონალურ და ეროვნულ ხელისუფლებების მმართველობებს ნებაყოფლობით განახორციელონ ევროკავშირის კლიმატისა და მდგრადი ენეგეტიკული პოლიტიკის ამოცანები.

საქართველოში მერების შეთანხმების ხელმომწერი 23 მუნიციპალიტეტი და თვითმმართველი ქალაქია.

  

  

გააზიარე