კულტურული ობიექტები, მუზეუმები და ღირსშესანიშნავი ისტორიული ადგილები
ტურიზმი

კულტურული ობიექტები, მუზეუმები და ღირსშესანიშნავი ისტორიული ადგილები

თელავის ისტორიული მუზეუმი

ბიოგრაფია

ერეკლე მეორეს სახლ–მუზეუმი (ერეკლეს სასახლე) - დაარსდა 1927 წელს, როგორც მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. მდებაორებს კახეთის მხარეში, ქალაქ თელავში.

„ბატონის ციხის“ არქიტექტურული კომპლექსი დღემდე შემორჩენილი ერთადერთი სამეფო სასახლეა საქართველოში. კომპლექსი, თავისი არქიტექტურულ-ისტორიული მახასიათებლებით კულტურული მემკვიდრეობის ღირსშესანიშნავ ძეგლს წარმოადგენს.

სამუზეუმო კომპლექსში შედის: კახთა მეფის სასახლე XVII-XVIII ს.ს., მეფის კარის ეკლესიები X-XVIII ს.ს., ერეკლეს მიერ დაარსებული ფილოსოფიურ-საღვთისმეტყველო სკოლის ნაშთები, მეფის აბანო – XVII ს., სასახლის ტერიტორიაზე გაყვანილი გვირაბი - XVIII ს., აღმოსავლეთისა და დასავლეთის მხარის უნიკალური კარიბჭეები. მუზეუმში ასევე დაცულია: ნუმიზმატიკური მასალა, ადრეფეოდალური ხანის სარკოფაგი, გვიანი შუა საუკუნეების აბჯარი, მე-17-19 საუკუნეების სპილენძის საოჯახო ნივთების, საბრძოლო იარაღისა, ხევსურული სამოსელის კოლექციები, ფარდაგების მდიდარი კოლექციები, ხელნაწერები, მეფე ერეკლეს სტამბაში დაბეჭდილი წიგნები, სახვითი ხელოვნების საინტერესო ნიმუშები. მათ შორის: XIXს-ის ჰოლანდიური, ფრანგული, გერმანული, რუსული (ი. აივაზოვსკის, ა. კრამსკოისა და “პერედვიჟნიკების” პერიოდის სხვა მხატვართა ნაწარმოებები) მხატვრობისა და მცირე პლასტიკის ნიმუშები, აგრეთვე ქართველ მხატვართა (ელ. ახვლედიანის, ლ. გუდიაშვილის, ჯ. ხუციშვილისა და სხვათა) ნამუშევრები.

"ბატონის ციხედ" ცნობილი სასახლე კახეთის მეფეთა რეზიდენცია იყო. სასახლის კარის ეკლესია, აღმოსავლეთის კარი და აბანო არჩილ მეფის დროსაა აგებული. XVIII საუკუნის მეორე ნახევარში კი ერეკლე მეორემ სასახლეს დიდი გალავანი შემოავლო, რომლის სიმაღლე ხუთ მეტრს აღწევს. მემატიანე პაპუნა ორბელიანის გადმოცემით, ერეკლე მეფეს თელავის გალავნის მშენებლობა დაუსრულებია 1753 წელს. ციხე გალავანს მთავარი დიდი კარის გარდა სხვა სათადარიგო შესასვლელებიც ჰქონია, ერთი სამხრეთით, ერთი ჩრდილოეთით. მეფე ერეკლეს კარის ეკლესია კი აგებულია 1758 წელს. გარდა ეკლესიისა, იგი თავდაცვით ფუნქციასაც ასრულებდა, მას სახურავის ქვეშ მოწყობილი ჰქონია სათოფურები. ეკლესიიდან ათიოდე მეტრის მოშორებით იდგა დიდი ბურჯი, 14 მეტრის, რომლის მსგავსი საქართველოში არსადაა. ეს ბურჯი დარეჯან დედოფალმა ააშენებინა და XIX საუკუნის 40-იან წლებამდე აქ იდგა 8 მეტრის სიგრძის ზარბაზანი, რომელიც მუდამ მზად იყო მტრის მოსაგერიებლად.

ბმულები:

თელავის ისტორიული მუზეუმი

თელავის ისტორიული მუზეუმი 

დახურვა

წინანდლის სამუზეუმო კომპლექსი

ბიოგრაფია

წინანდლის სამუზეუმო კომპლექსი - ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, წინანდლის ულამაზესი ბაღი და მე-19 საუკუნის უნიკალური ღვინის მარანი. მდებაორებს კახეთის მხარეში, თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ წინანდალში.

წინანდლის სასახლე ეკუთვნოდა გარსევან ჭავჭავაძეს – მეფე ერეკლე II-ის დროს საქართველოს სრულუფლებიან ელჩს რუსეთში. სასახლე მემკვიდრეობით მის ერთადერთ ვაჟს – ალექსანდრე ჭავჭავაძეს გადაეცა, ქართული რომანტიზმის ფუძემდებელს, პოეტს და საზოგადო მოღვაწეს.

წინანდლის ჭავჭავაძეების სასახლის დღემდე შემონახული შენობა 1886 წელს აშენდა და ამჟამად ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმს წარმოადგენს. იქ დაცულია ჭავჭავაძეების ოჯახის წევრების პირადი ნივთები, მე-19 საუკუნის სხვადასხვა სახის გამოცემები, მე-18 საუკუნის ხელნაწერები, დიმიტრი ერმაკოვის ფოტოები, ფერწერული და ლითოგრაფიული ნიმუშები, მე-18-მე-19 საუკუნეების ქართული, რუსული და ფრანგული ავეჯი და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები, მათ შორის - ჩინური, იაპონური, ფრანგული, გერმანული, იტალიური, ქართული და რუსული ჭურჭელი მუსიკალურ ინსტრუმენტებთან ერთად.

წინანდლის დეკორატიული ბაღი საქართველოში პირველი ევროპული ტიპის სარეკრეაციო ზონაა, პარკი 18 ჰექტარს იკავებს. ალექსანდრე ჭავჭავაძემ მის გასაშენებლად ევროპელი ლანდშაფტის არქიტექტორები ჩამოიყვანა. ეგზოტიკური ჯიშებისა და დაგეგმარების მხრივ ის უნიკალურია. პარკში ასევე ჩინეთიდან, ამერიკიდან, იაპონიიდან, ხმელთაშუა ზღვის და სხვა ქვეყნებიდან ჩამოტანილ ეგზოტიკურ მცენარეებსაც შეხვდებით. წინანდლის ბაღში ნახავთ სიყვარულის ხეივანს. ლეგენდის თანახმად, თუკი წყვილი ამ ხეივანში თვალდახუჭული შეძლებს გავლას, მათი სიყვარული ბედნიერი იქნება.

წინანდლის ღვინის საცავი - რომელიც მდებარეობს წინანდლის პარკის ტერიტორიაზე 1835 წელს აშენებული ერთ-ერთი პირველი მარანია საქართველოში, სადაც ბოთლში პირველად ჩამოისხა ქართული ღვინო. ალექსანდრე ჭავჭავაძე საქართველოს ისტორიაში პირველი ადამიანია, ვინც წინანდალში ევროპული წესით დამზადებული ქართული ღვინო ბოთლში ჩამოასხა და საქართველოში ევროპულად დამზადებული ღვინის წარმოებას ჩაუყარა საფუძველი. წინანდლის მარანში დაცულია სხვადასხვა ქვეყანაში ჩამოსხმული ღვინის 16 500-მდე ბოთლი. 

ბმულები:
წინანდლის სამუზეუმო კომპლექსი
წინანდალი

დახურვა

ლოპოტა სპა რეზორტი

ბიოგრაფია

კავკასიონის მთებით გარშემორტყმული ლოპოტას ტბა მდებარეობს კახეთის რეგიონში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში. „ლოპოტა სპა რეზორტი“ იდეალური ადგილია მათთვის, ვინც დასასვენებლად მშვიდ და ამავდროულად, აქტივობებით სავსე ადგილს ეძებს.

ლოპოტას ხეობაში ულამაზესი ტბის გარშემო ევროპული სტანდარტის სასტუმროს 8 შენობა დგას, სტანდარტული, ნახევრად ლუქსი და ლუქსი ნომრებით. ჯამში, „ლოპოტა სპა რეზორტის“ დასასვენებელ კომპლექსს ერთდროულად 200-ზე მეტი დამსვენებლის მიღება შეუძლია.

ბმულები:
ლოპოტა სპა რეზორთი

 

დახურვა

ახალი შუამთა

ხახულის ღვთისმშობლის დედათა მონასტერი
ბიოგრაფია

ახალი შუამთის ხახულის ღვთისმშობლის დედათა მონასტერი თელავის სიახლოვეს მდებარეობს, ცივგომბორის მთის ტყით შეფენილ კალთაზე. სახელწოდება მონასტერმა ადგილმდებარეობიდან მიიღო - მას სამი მხრიდან მთები აკრავს, თავად კი მთათაშუა მდებარე ვაკეზეა აგებული.

 

მონასტერი დაფუძნდა XVI ს-ის 50-იან წლებში კახეთის მეფის ლევანის (1520-1574) და მისი მეუღლის თინათინის მიერ. დედოფალი თინათინი ამავე მონასტერში აღიკვეცა მონაზვნად და აქვეა დაკრძალული.

მონასტრის დაარსების შესახებ არსებობს გადმოცემა: ახლადჯვარდაწერილ სამეფო წყვილს - მეფე ლევანსა და დედოფალ თინათინს იმ ადგილას შემოაღამდათ, სადაც ახლა შუამთის მონასტერია აგებული. მეფის ამალა გურიიდან მოასვენებდა ხატს, რომელიც დედოფალს განუშორებლად თან დაჰქონდა. ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატი ღამისთევისას ერთი შინდის ხის ქვეშ დაუბრძანებიათ. მეორე დღეს, როდესაც გამგზავრება დააპირეს, ხატი ადგილიდან ვერ დაძრეს, სანამ დედოფალმა არ აღუთქვა ამ ადგილზე ეკლესიის აგება და ძველი შუამთიდან მონასტრის აქ გადმოტანა.

შუამთის მონასტერსა და მის მთავარ ტაძარს არც თინათინ დედოფლის შემდგომ მოკლებია ყურადღება: მონასტრის აგებიდან მცირე ხნის შემდეგ, XVI საუკუნის მიწურულს, დედოფლის ასულს თეკლა მონაზონს მონასტრის მთავარი ეკლესიისთვის მთავარანგელოზთა ეკვდერი მიუშენებია და მისთვის შეწირულობებიც უბოძებია; უფრო მოგვიანებით, მეფე თეიმურაზს 1637 წლის სიგელით მონასტრისთვის შეუწირავს ბაჟი იმ სავაჭრო ქარავანთაგან, რომლებიც გომბორის გზას გაივლიდნენ. ერთი საუკუნის შემდგომ, XVII საუკუნის II ნახევარში, ტაძარი მეფე ერეკლე II ღვაწლით იქნა განახლებული.

ხახულის ღვთისმშობლის ხატი

ახალი შუამთის მონასტრის ერთ-ერთი უმთავრესი სალოცავი ხახულის ღვთისმშობლის ხატია; იგი დაბრძანებული ყოფილა ტაძრის კანკელის წინ, მარჯვენა მხარეს. ოდიგიტრიის ტიპის ჩვილედი ღვთისმშობლის ფერწერული სახე ოქროთი და ძვირფასი ქვებითაა მოჭედილი (იაგუნდი, ფირუზი, ალმასები და მარგალიტები). ხატს ზურგზე 44 წმიდა ნაწილი აქვს. დღეს ეს ხატი თბილისში, საქართველოს ხელოვნების სახლმწიფო მუზეუმის საგანძურშია დაცული.

XIX საუკუნეში ახალი შუამთის მონასტერი, კახეთის სხვა სასულიერო კერათა მსგავსად, ქვეყნის ძნელბედობის თანაზიარი აღმოჩნდა - სამონასტრო ცხოვრება აქ თანდათან მინელდა. მისი ხელახალი აღორძინება ალავერდის ეპისკოპოსის, შემდგომში სრულიად საქართველოს კათოლიკო-პატრიარქის კირიონის სახელთანაა დაკავშირებული. სწორედ მისი ღვაწლით განახლდა მონასტერი 1899 წელს. თუმცაღა ეს პერიოდი ხანმოკლე აღმოჩნდა - საბჭოთა ხელისუფლების დროს მონასტერი დაიხურა და ბავშვთა სახლად გადაკეთდა. ახალ შუამთაში სამონასტრო ცხოვრება 1990 წელს აღდგა.

წმიდა ნიკოლოზის ფრესკა

მონასტრის მთავარი ტაძარი ღმრთისმშობლის შობის სახლობისაა. ეკლესია აგურითაა ნაგები. ტაძრის ხილვისას, უწინარეს ყოვლისა, მისი აზიდული პროპორციები იპყრობს ყურადღებას. მის ხუროთმოძღვრულ სახეს თავწყაროდ ტაძრის ის ტიპი უდევს, ასწლეულთა მანძილზე რომ იყო საქართველოში დამკვიდრებულ-გავრცელებული. გეგმაში სწორკუთხა, მაღალგუმბათიან ნაგებობას ფასადებზე ჯვრით დაგვირგვინებულლი დეკორი ამშვენებს.

მრავალრიცხოვანი სარკმლებიდან უხვად შუქჩაღვრილი ინტერიერი ტაძრის აგებისთანავე მოუხატავთ. ტაძრის ფრესკები, ნაწილობრივ დაზიანებული, მხატვრული გადაწყვეტით გვიანათონური მხატვრობის თანადროულია. ფერწერულ ანსამბლში გაერთიანებულია ძველი და ახალი აღთქმის სიუჟეტებისა და ცალკეული გამოსახულებების გვერდით ჩაურთავთ სამეფო ოჯახის პორტრეტი, რომელზეც წარმოდგენილია მეფე ლევანი, დედოფალი თინათინი და მათი ძე.

მონასტის მთავარ ტაძარს ორი პატარა ეკვდერი აკრავს. მათგან ერთი, ჩრდილოეთისა, მთავარანგელოზთა სახელობისაა. ეკლესიის სამხრეთ შესასვლელთან მდებარე მონაკვეთის გაწმენდის შემდეგ ის ტრაპეზის ძირი აღმოჩნდა. იგი 1995 წელს ეკურთხა წმიდა მამა დავით გარეჯელისა და გარეჯში მოღვაწე წმიდა მამათა სახელზე.

მონასტრის ეზოს ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში აღმართული ოთხსართულიანი სამრეკლო ტაძრის თანადროული უნდა იყოს.

მონასტრის საცხოვრებელი

მონასტრის სწორუპოვარ მნიშვნელობაზე მეტყველბს ის საგანძურიც, რომელიც ასწლეულების მანძილზე საქართველოს მეფე-მთავართა მიერ შეწირულობების სახით მონასტრისთვის იქნა ბოძებული - მათ შორის იყო ბარძიმები, კანდელები, ნაქარგობანი, ჭურჭელი და სხვ. აქვე ყოფილა მდიდარი წიგნსაცავიც.

XIX ს-ში მონასტრის მთავარი ტაძარი ჭავჭავაძეთა განსასვენებელს წარმოადგენდა. აქ დაუკრძალავთ გარსევან ჭავჭავაძის მეუღლე, მარიამ ავალიშვილი (1836), პოეტი ალექსანდრე ჭავჭავაძე (1846), დავით ჭავჭავაძე (1884). ჭავჭავაძეთა გარდა ტაძარში სხვა საგვარეულო საფლავებიც არის. მათ შორის - ყარალაშვილები, რომელთაც მონასტრისათვის დიდი სავარგულები შეუწირავთ, აგრეთვე მაყაშვილთა და ანდრონიკაშვილთა საგვარეულოების წარმომადგენლები.

ახალი შუამთის ხახულის ღვთისმშობლის დედათა მონასტრის ძირითადი საქმიანობაა: ხატწერა, ხელსაქმე, მთარგმნელობითი საქმე, სამონასტრო მეურნეობის მოვლა-პატრონობა.

ტაძრის დღესასწაული 8(21) სექტემბერსაა - ღმრთისმშობლის შობის დღეს; მეორე დღეს, 9(22) სექტემბერს, ეპისკოპოს პირიონის მიერ დაწესებულია დედოფალ თინათინის სულის მოსახსენიებელი მსახურება - წირვა-ლოცვა.

ტრადიციულად მონასტრის წინამძღვარია ეპარქიის მღვდელმთავარი, ამჟამად - აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი.

დახურვა

იყალთოს მონასტერი

ბიოგრაფია

იყალთოს მონასტერი — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, მდებარეობს კახეთის მხარეში, თელავის მუნიციპალიტეტში.

მონასტერი VI საუკუნეში დააარსა ერთ-ერთმა ასურელმა მამათაგანმა ზენონმა, რომლის წმინდა ნაწილებიც ამავე მონასტერში განისვენებს. გადმოცემის თანახმად, არსენ იყალთოელს (XI-XII საუკუნეები) აქ აკადემია დაუარსებია. ჩვენამდე მოღწეულია აქაური ხელნაწერები, რომლებიც შედარებით გვიანდელი ხანისაა და იყალთოს აკადემიის შესახებ ცნობებს არ შეიცავს.

სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე შემოჩერნილია 3 ეკლესია და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა, აკადემიისა და სატრაპეზოს ნანგრევები. ეკლესიათაგან მთავარია VIII-IX საუკუნეების ფერისცვალების ეკლესია "ღვთაება" (აგებულია იმ ძველი აკლესიის ადგილას, რომელშიც დაკრძალული იყო ზენონი). სამების მცირე ეკლესია, რომელშიც მიუხედავად საფუძვლიანი გადაკეთებისა, შემორჩენილია VI საუკუნის გუმბათოვანი ეკლესიის ნაწილები და ყველაწმიდის ერთნავიანი ეკლესია, რომელიც XII-XIII საუკუნეების მიჯნას მიეკუთვნება. აკადემიის გეგმით წაგრძელებული შენობა რიყის ქვით არის ნაშენი. პირველი სართული 2 ოთახისაგან შედგება, მეორე კი ერთი მთლიანი დარბაზია (24,5 მх9 მ) და, როგორც ჩანს, სამეცნიერო შეკრებათათვის იყო იმთავითვე განკუთვნილი. შენობა სტილით VIII-IX საუკუნეების ფეოდალურ სასახლეებს ენათესავება და აგებულიც მაშინ უნდა იყოს.

იყალთოს აკადემია

იყალთოს აკადემია XI-XII საუკუნეებში საქართველოში უმაღლესი სასწავლებელი იყო. ამას ადასტურებს მონასტრის ეზოში შემორჩენილი შენობის ნანგრევები, რომლებიც საერო დანიშნულების ნაგებობას უფრო ჰგავს, ვიდრე სამონასტროსი. ნანგრევებში ჩანს კათედრის ფუძე, დამახასიათებელი თახჩა-ფანჯრები. შენობა მონუმენტური უნდა ყოფილიყო, გელათის აკადემიის შენობის მსგავსი, იმ განსხვავებით, რომ იყალთოს აკადემიის შენობა ორსართულიანია. იყალთოს აკადემიის პირველი რექტორი იყო არსენ იყალთოელი, რომელიც აქ გელათიდან გადმოსულა. იყალთოს აკადემიაში ეუფლებოდნენ ღვთისმეტყველებას, რიტორიკას, ასტრონომიას, ფილოსოფიას, გეოგრაფიას, გეომეტრიას, გალობას და სხვა. აღნიშული თეორიული კურსების გარდა, მოსწავლეები სწავლობდნენ ლითონის დამუშავებას, კერამიკულ წარმოებას, მევენახეობა-მეღვინეობას, ფარმაკოლოგიას და სხვა.

იყალთოს აკადემიაში ფართოდ იყო გაჩაღებული მწიგნობრულ-საგანმანათლებლო მუშაობა. ბერძნულიდან ითარგმნებოდა მრავალი მნიშვნელოვანი თხზულება, მრავლდებოდა ხელნაწერები, იქმნებოდა ძვირფასი ნუსხები. სწორედ სამშობლოში მოღვაწეობის პერიოდში იყალთოს აკადემიის ფუძემდებელმა და პირველმა რექტორმა არსენ იყალთოელმა თარგმნა ისეთი მნიშვნელოვანი თხზულება, როგორიცაა „დიდი სჯულის კანონი“.

ისტორია

გადმოცემით ცნობილია, რომ იყალთოს აკადემიამ თავისი ფუნქციონირება შეწყვიტა 1616 წელს, როდესაც შაჰ-აბასის შემოსევისას ხანძრით განადგურდა მონასტერი.

იყალთოს მონასტერი თავად მაყაშვილთა საძვალეს წარმოადგენდა. მონასტრის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შემწე ყოფილა იოანე ომანის ძე მაყაშვილი, ბოდბელი მიტროპოლიტი და ძმისწული მისი — გაბრიელ ბერი, რომელიც XIX საუკუნეში იყალთოს მონასტრის ქველმოქმედს დიმიტრი (ტიტიკო) ივანეს ძე მაყაშვილს განუახლებია და დაუმშვენებია სამივე ტაძარი.

1921 წლიდან, რუსეთის მიერ საქართველოს განმეორებით ანაექსიის შემდეგ, იყალთოს მონასტერი დაკეტეს და ღვთისმსახურება აიკრძალა.

1965 წელს ე. წ. იყალთოს „სახალხო უნივერსიტეტის“ ინიციატივით ღვთაების მონასტერში მუზეუმი გახსნეს.

საეკლესიო ნივთებსა და წიგნებთან ერთად დაკარგულია მთავარი ტაძრის დიდი ზარიც.

1991 წელს, კომუნისტური რეჟიმის დამხობის შემდგომ, იყალთოს მონასტრის ღვთაებისა და სამების ტაძრებში ღვთისმსახურება აღსდგა.

2004-2009 წლებში იყალთოს აკადემიას აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა.

დახურვა