სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან კონსულტაციები დაიწყო

30 იანვარი, 2020

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან კონსულტაციები თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში - აკურაში, ვანთაში, ბუშეტსა და ქვემო ხოდაშენში გაიმართა.

შეხვედრებს თელავის მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე, მერის პირველი მოადგილე დავით ბეგიაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მოსახლეობის გადაწყვეტილებით, პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებად დასახელდა:

სოფელ აკურაში - სასმელი წყლის და ვენახების შესაწამლად საჭირო წყლის რეზერვუარების მოწყობა; ასევე შიდა საუბნო გზებზე გარე განათების მოწყობა.

სოფელ ვანთაში - შიდა საუბნო გზების მოხრეშვა-მოწესრიგება; სასმელი წყლის სათავე ნაგებობის გაწმენდა; შიდა საუბნო გზებზე გარე განათების მოწყობა; საბავშვო ბაგა-ბაღში ღონისძიებათა ოთახის რეაბილიტაცია.

სოფელ ბუშეტში - სოფელში არსებული ჭაბურღილის გაწმენდა და მასთან სასმელი წყლის რეზერვუარის მოწყობა; სავარგულებთან და სასაფლაოსთან მისასვლელი გზების მოხრეშვა/მოწესრიგება და სანიაღვრეების ამოწმენდა; გარე განათების ქსელის მოწყობა.

სოფელ ქვემო ხოდაშენში - სოფლის ჭაბურღილებზე ტუმბოების, ხოლო ცენტრალურ ქუჩაზე არსებულ ჭაბურღილთან რეზერვუარის მოწყობა; სოფლის ზედა უბანში სკვერის მოწყობა; საუბნო გზებზე გარე განათების ქსელის მოწყობა.

მოსახლეობასთან შეხვედრები დღეს დაიწყო და 14 თებერვალს დასრულდება. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის განხორციელებაში მოსახლეობის ჩართულობის გაძლიერება, თითოეული სოფლისთვის გამოყოფილი თანხის ადგილობრივებთან ერთად მიზნობრივად გამოყენება და სოფლად არსებული პრობლემების მოგვარება. 

თელავის მუნიციპალიტეტში, პროგრამის ფარგლებში, პროექტების განსახორციელებლად ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ჯამში, 717 000 ლარია გამოყოფილი.

 

 

 

 

გააზიარე