იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა ჩატარდა
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საპროცედურო, სამანდატო და იურიდიულ საკითხთა კომისიამ სხდომა ჩაატარა. კომისიის წევრებმა განიხილეს მერიის მიერ ინიცირებული პროექტები, რომლებიც „მერების შეთანხმებაში კლიმატისა და ენერგეტიკის თაობაზე“ თელავის მუნიციპალიტეტის მონაწილეობასა და თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირებისა და ნორმატიული ფასის განსაზღვრას გულისხმობს.
კლიმატისა და ენერგეტიკის თაობაზე მერების შეთანხმების მიხედვით, თელავის მუნიციპალიტეტი იღებს ვალდებულებას 2030 წლისათვის, საკუთარ ტერიტორიაზე მინიმუმ 30%-ით შეამციროს CO2-ის (და სხვა სათბური აირების) ემისია ენერგოეფექტურობისა და ენერგიის განახლებადი წყაროების ათვისების ღონისძიებების საშუალებით და კლიმატის ცვლილების შედეგებთან შეგუებით აამაღლოს მუნიციპალიტეტის მედეგობა.
რაც შეეხება მიწის ზონირებისა და ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ ინიცირებულ პროექტს, მისი მიღება უკავშირდება საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის 784-ე ბრძანებულებაში განსაზღვრულ ნორმას, რომლის თანახმად, მიწის ნორმატიულ ფასს საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით წელიწადში ერთხელ, არა უგვიანეს ყოველი წლის თებერვლისა, ადგენენ საკრებულოები.
ნორმატიული აქტის მიღების მიზანია თელავის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირება და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვ.მ. მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრა, რომელიც ანალოგიურია 2019 წელს განსაზღვრული ფასისა.
საპროცედურო, სამანდატო და იურიდიულ საკითხთა კომისიამ მხარი დაუჭირა ნორმატიული აქტების პროექტები წარმოდგენილი სახით გავიდეს ბიუროს სხდომაზე საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანის მიზნით.