ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიამ სხდომა ჩაატარა
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიამ სხდომა ჩაატარა. კომისიის წევრებმა საკრებულოს განკარგულების პროექტი განიხილეს, რომელიც სოფლებში შალაურში, ყარაჯალაში, ართანასა და გულგულაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანასა და მათი პრივატიზების გეგმის დამტკიცებას ითვალისწინებს. ოთხივე ნაკვეთის საწყისი ფასი ჯამში 38 000 ლარს აღემატება.
სხდომაზე ასევე იმსჯელეს მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულებაში ცვლილების პროექტზე, რომელიც უკავშირდება ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსში 28 ივლისს განხორციელებულ ცვლილებებს. განხორციელებული ცვლილებების შედეგად, მუნიციპალიტეტის მერს მიენიჭა უფლებამოსილება ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებზე განახორციელოს უფლებამოსილების დელეგირება კანონით/უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
შესაბამისად მერი უფლებამოსილია მერის წარმომადგენლებს, რომლებიც დასაქმებულნი არიან ადმინისტრაციული ხელშეკრულებით, კვლავ მიანიჭოს ცნობების გაცემის უფლებამოსილება და ასევე ის უფლებამოსილებები, რომლებსაც ისინი ახორციელებდნენ „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ და „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.