ინფრასტრუქტურის კომისიამ სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში ცვლილების პროექტი განიხილა

28 ივნისი, 2021

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურის, სივრცით ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისიამ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელ პროექტებში ცვლილების შეტანის საკითხზე იმსჯელა.

საკრებულოს განკარგულებაში ცვლილების შეტანის მიზანია სოფელ ლალისყურში განსახორციელებელი პროექტიდან, რომელიც სოფელში არსებული სანიაღვრე და სარწყავი არხების მოწესრიგებას ითვალისწინებს,  დარჩენილი თანხის ათვისება. ადგილობრივმა მოსახლეობამ უმთავრეს პრიორიტეტად აღნიშნული პროექტი დაასახელა, რომლის განსახორციელებლად შედგენილი ხარჯთაღრიცხვის ღირებულებამ შეადგინა 9 175 ლარი, ხოლო გამოყოფილი თანხა 24 000 ლარი იყო, შესაბამისად ეკონომიის სახით 14 825 ლარი დარჩა. 

სოფელ ლალისყურისათვის გამოყოფილი თანხის მთლიანად ათვისების  მიზნით განხორციელდება კიდევ ერთი პროექტი, რომელიც გარე-განათების ახალი ქსელის მოწყობას გულისხმობს. აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად, რომელიც მოსახლეობამ მეორე პრიორიტულ საკითხად განსაზღვრა, 14825 ლარია გათვალისწინებული.

კომისია მიიჩნევს, რომ საკრებულოს განკარგულების პროექტი ამ სახით გავიდეს ბიუროს სხდომაზე წარმომადგენლობითი ორგანოს მორიგი სხდომის დღის წესრიგში შეტანის მიზნით.

 

 

 

 

 

 

 

გააზიარე