თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოწვევით თელაველ ახალგაზრდებს ლევან გიგინეიშვილი და რუსუდან ბოლქვაძე შეხვდნენ

9 მარტი, 2024

7 მარტს მუნიციპალიტეტის სტუდენტებსა და აბიტურიენტებს ფილოლოგი ლევან გიგინეიშვილი და მსახიობი რუსუდან ბოლქვაძე შეხვდნენ.

სალექციო ტიპის შეხვედრა 8 მარტსა და გაზაფხულის დღესასწაულებს უკავშირდებოდა. სასაუბრო თემატიკაც შესაბამისად იყო განსაზღვრული.

ფილოლოგიის დოქტორმა, ლევან გიგინეიშვილმა ქართულ ლიტერატურაში ქალების როლზე ისაუბრა. განიხილა „ვეფხისტყაოსანი“, „სტუმარ-მასპინძელი“. მისი სასაუბრო თემატიკა ნაწარმოებებსაც გასცდა და შეეხო გენდერს, სქესს და რეალურ ცხოვრებაში ქალბატონების როლს.

ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი, რუსუდან ბოლოქვაძე ახალგაზრდებს მის მიერ შექმნილ გამორჩეულ პერსონაჟებზე ესაუბრა. გაუზიარა პირადი სამსახიობო გამოცდილება და აუდიტორიის კითხვებს უპასუხა.

შეხვედრას ესწრებოდა თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილიც, რომელმაც აღნიშნა, რომ ადგილობრივ სტუდენტებსა და აბიტურიენტებთან მსგავსი ტიპის, განსხვავებული შეხვედრების მოწყობა მეტად პროდუქტიული და საჭიროა. შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს, რომ ახალგაზრდებს ხშირად ჰქონდეთ შესაძლებლობა დაესწრონ მათთვის გამორჩეული და საინტერესო პირების სალექციო და სხვა სახის შეხვედრებს.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრა ინტერაქციული იყო და ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით მიმდინარეობდა.

გააზიარე