ვარდისუბანი

ვარდისუბნის ადმინისტრაციული ერთეული

ვარდისუბანი მდებარეობს გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე თურდოს მარჯვენა ნაპირას. ახმეტა-თელავისა და თელავი-გომბორის საავტომობილო გზაზე. ზღვის დონიდან 640 მეტრზე. თელავიდან დაშორებულია 3 კილომეტრით. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2646 ადამიანი.

ქართულ საისტორიო წყაროებში სოფელი პირველად მოიხსენიება XIV საუკუნეში. სოფლის თავში, თურდოს ხეობაში, მიკვლეულია ძველი ნაქალაქარი, რაც, სავარაუდოდ, იმის დამადასტურებელია, რომ ეს ადგილები უძველეს დროიდანვე ადამიანთა აქტიურ სამოსახლოს წარმოადგენდა. სოფლის მნიშვნელობას ზრდიდა კახეთის სხვა ადგილებთან დამაკავშირებელ გზაზე მისი მდებარეობაც. ამას ხელს უწყობდა ვარდისუბნის თელავთან მეზობლობაც. XIV-XV საუკუნეებში ვარდისუბანში დიდი იყო საკათალიკოსო ყმა-მამულის ხვედრითი წონა. XVI საუკუნის დასაწყისში, კახეთის სამეფოს წარმოქმნის შემდეგ, სოფელი კიდევ უფრო მომძლავრდა. კახთა მეფის ლევანის მეუღლემ, გურიელის ასულმა თინათინმა სოფლის მახლობლად ახალი შუამთის ღვთისმშობლის მონასტერი ააშენა და მას შესწირა „აგარაკნი და დაბანი და დაადგინა მასზედა მოძღუართ-მოძღუარი“. „დაბანში“ ვარდისუბნის ნაწილიც შედიოდა. XVII საუკუნის პირველი ნახევრიდან, კახეთში შაჰ-აბას I-ისა და სხვათა შემოსევების შემდეგ, „დასტურლამალში“ და სხვა ქართულ საისტორიო წყაროებში ვარდისუბანი ნასოფლარად მოიხსენიება. ამავე საუკუნის II ნახევარში იგი, როგორც ნასოფლარი, ფეოდალ-მოხელე მაღალაშვილებს ეკუთვნოდა. XVIII საუკუნის დასაწყისში ვარდისუბანმა კვლავ იწყო დასახლება, რასაც ხელი შეუწყო მისმა სიახლოვემ თელავთან და მნიშვნელოვან სატრანსპორტო გზასთან. 

XVIII საუკუნის I ნახევარში ვარდისუბანი თანდათან იზრდებოდა და შენდებოდა. შესაბამის ისტორიულ დოკუმენტებში იგი სათავადიშვილო სოფლად იხსენიება. 1764 წელს ვარდისუბანი ერეკლე II-მ ალავერდის მონასტერს შესწირა. ვარდისუბნელი მოლაშქრეები კახეთის მეოთხე სადროშოს შემადგენლობაში შედიოდნენ, რომელთაც ალავერდელი ეპისკოპოსი სარდლობდა. ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ, ვარდისუბანი თბილისის გუბერნიის თელავის მაზრის შემადგენლობაში შედიოდა.

სოფელი მდიდარია ბუნებრივი გარემო პირობებითა და კულტურული ძეგლებით, რომელთა რიცხვი 30-ს აღემატება.
სოფლის ხნიერი ხალხის გადმოცემით, რომლებიც იმოწმებენ თავის წინაპრებს, სოფელ ვარდისუბნის მკვიდრ მოსახლეობას უცხოვრია დღევანდელი ვარდისუბნის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ძველი ეკლესიის – ნატკორას მიდამოებში. ახლა ამ ეკლესიის ნანგრევებიღაა შემორჩენილი. მხოლოდ, სოფლის მაცხოვრებლები თუ მიდიან-ხოლმე შესაწირად და სალოცავად. ნატკორას მიდამოებში ნაპოვნია ოქროს მონეტები.
მონღოლებისა და შაჰ-აბასის შემოსევებისათვის ვერ გაუძვლია მოსახლეობას და ტყისთვის შეუფარებია თავი, ხოლო შემდეგ კი ნატკორის ზემოთ დასახლებულა. ხნიერი ხალხის აზრით, ნატკორას ეკლესიაში დაკრძალულია დემეტრე თავდადებული.

ლეგენდის მიხედვით, ამ სოფელს "იკარო" რქმევია. სოფელზე ჩამოუვლია თამარ მეფეს. ხალხს მისთვის ვარდები ფერხთით ხალიჩასავით გაუფენიათ. აღფრთოვანებულა თამარი იკაროელების ორიგინალური დახვედრით "რა ჰქვია ამ სოფელსო?" - უკითხავს. "იკაროვო" მოუხსენებიათ. "იკარო კი არა, "ვარდისუბანი" უნდა ერქვასო." აღტაცებულა სოფლის მოსახლეობა, აუტაციათ თამარის ნათქვამი და მას მერე სოფელს "ვარდისუბანს" უწოდებენ. სოფლის ახლოს, დასავლეთის მხარეზე ყოფილა პატარა სოფელი "ამზეურა"(დღევანდელი "მერე"). ამ ტერიტორიას დღეს ნასოფლარს ეძახიან. შაჰ-აბაზს ამ ორი სოფლიდან მოსახლეობა გაუსახლებია, მაგრამ საბედნიეროდ, გამონაკლისს ტყეში და მთაში შეუფარებია თავი.

შემორჩენილია შუა საუკუნეების სოფელ იკაროს კულტურის ძეგლების ნანგრევები: კვირიკეს, დეკანაზურის, ნათლისმცემლის, სვეტიცხოველი, მთავარანგელოზის, აღდგომის, ღვთისმშობლის, სამების და სხვა. დღეს ამ ეკლესიის უმეტესობა საჭიროებს სათანადო ყურადღებას. ასევე დღემდეა შემორჩენილი VI საუკუნის "ნატკორის ტაძრის" გრანდიოზული ნაგებობა. 

ვარდისუბანი მდიდარია თიხნარი ნიადაგით. ამიტომ მამაკაცები მეჭურჭლეობას მისდევდნენ. სახელგანთქმული იყო მათგან დამზადებული თონეები, ქვევრები და საერთოდ თიხის ჭურჭელი. ნაწილი მოსახლეობისა კი მესაკირეობასა და მესაქონლეობას მისდევდნენ. ვარდიუბანში დღესაც იწარმოება ქვევრები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებშია გატანილი. ვარდისუბანში აწარმოებენ აგურს, კრამიტს, გამოჰყავთ ვაზის ნამყენი, ქვევრის საწარმოებლად გამოიყენება ადგილობრივი თიხა, რომეილც მდიდარია კირით. 

აქ დაბადებულან და ბავშვობის წლები გაუტარებიათ ძმებს ჩხეიძეებს, რომლებიც ქართულ ლიტერატურაში თურდოსპირელით და ქუჩიშვილით არიან ცნობილები. დავით ჩხეიძემ (თურდოსპირელმა) ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს ნოე ჟორდანიასთან და რამიშვილთან ერთად. იგი იმ დროს პარლამენტის წევრი იყო. გიორგი ქუჩიშვილის შვილიშვილია – რეჟისორი თემურ ჩხეიძე. ვარდისუბანში დაბადებულა და გაზრდილა ნინო ქურციკაშვილი-სალია, რომელმაც საზღვარგარეთ გაიტანა სოფლის სახელი. ნინო ახალგაზრდა წასულა ფრონტზე, საიდანაც მოხვედრილა საზღვარგარეთ. იქ შეხვედრილა კალისტრატე სალიას, რომლისთვისაც დაუკავშირებია თავისი ბედი. საფრანგეთში ცოლ-ქმარი სალიები ეწეოდნენ საქართველოსათვის ერთობ მნიშვნელოვან მოღვაწეობას. მათ გამოსცეს ჟურნალი "ბედი ქართლისა". 

სოფელი ყოველი წლის 28 ივლისს აღნიშნავს "კვირიკეობის" ტრადიციულ დღესასწაულს.

 

წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში

გიორგი არაბული 

მობ: 591 91 22 05
E-mail: vardisubani.telavi@gmail.com
სპეციალისტები
  • ნინო ჯაშიაშვილი - მობ: 551 79 99 39
  • ხათუნა ჯაშიაშვილი-გულიაშვილი - მობ: 557 40 09 70



გადიდებული რუკის ნახვა

გააზიარე