წინანდალი

წინანდლის ადმინისტრაციული ერთეული

წინანდალი მდებარეობს გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთის ძირას. ზღვის დონიდან 560 მეტრზე. თელავიდან დაშორებულია 10კმ-ით. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2675 ადამიანი.

წინანდალი უხსოვარი დროიდან არის დასახლებული და იგი XV საუკუნემდე  "სახარისი"-ს სახელით იყო ცნობილი. მტრის შემოსევების გამო, მოსახლეობა ტყით დაფარულ მთის ფერდობზე იყო გახიზნული. XVსაუკუნის დასაწყისში ერთიანი საქართველოს მეფის ალექსანდრე დიდის (1412-1443) ძალისხმევით, შესაძლებელი გახდა მათი წინანდელ ადგილზე დაბრუნება. სოფლის სახელწოდებაც ამ ფაქტტან არის დაკავშირებული. დღემდე შემორჩენილია ადრეული და შუა საუკუნეების სამონასტრო კომპლექსი, თეთრანის წმინდა ნინოს, ღვთისმშობლის, წმინდა გიორგის და სხვა ეკლესია-სამლოცველოები.

წინანდალი საერთაშორისო ტურიზმის ერთ-ერთი გამორჩეული ობიექტია. სოფელი საუკუნეების განმავლობაში წარმოადგენდა ჭავჭავაძეების სამამულო მიწას. ჭავჭავაძეთა გვარი კახეთში მეთვრამეტე საუკუნეში გადმოსახლდა. აქ თავის სასახლეში ცხოვრობდა გარსევან ჭავჭავაძე, რომელიც მსახურობდა მეფე ერეკლე II–ის კარზე და საქართველოს სრულუფლებიან ელჩს წარმოადგენდა რუსეთში. მისი სასახლის შესახებ დღეისათვის მწირი ინფორმაცია არსებობს. ცნობილია, რომ სასახლე დღევანდელი ბაღის ჩრდილო–დასავლეთით მდებარეობდა.

გარსევან ჭავჭავაძემ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რუსეთ–საქართველოს ურთერთობებში და 1783 წლის 24 ივლისს ხელი მოაწერა გეორგიევსკის ტრაქტატს იოანე ბაგრატიონთან ერთად. მეფე ერეკლემ მას დიდი მამული უბოძა ცივ გომბორის მთიდან კავკასიონის მთების სამხრეთ კალთამდე. წინანდლის მამული მემკვიდრეობით მის ერთადერთ ვაჟს, ქართული რომანტიზმის ფუძემდებელს, პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს ალექსანდრე ჭავჭავაძეს (1786—1846) ერგო.

1818 წელს ალ. ჭავჭავაძემ წამოიწყო ახალი სასახლის მშენებლობა. დიდძალი სტუმრიანობის გამო, ცხადი გახდა, რომ სასახლე მასშტაბებში უნდა გაზრდილიყო. 1831 წელს წინანდალში მშვენიერი ბაღით გარშემორტყმული დიდი სასახლე უკვე დგას, რაზეც მეტყველებს გრიგოლ ორბელიანის ლექსი "ორი შენობა", რომელშიც ავტორი გარსევან ჭავჭავაძის ძველი სასახლისა და ალექსანდრეს ახალი სასახლის შედარებას ახდენს.
XIX საუკუნეში წინანდალში იკრიბებოდნენ ქართული საზოგადოების წარჩინებული წარმომადგენლები. სასახლეს ასევე სტუმრობდნენ რუსი და უცხოელი დიპლომატები და ხელოვანები. წინანდლის სასახლე XIX საუკუნის კულტურულ კერას წარმოადგენდა.

ალექსანდრე ჭავჭავაძემ პირველად საქართველოს ისტორიაში წინანდალში ბოთლში ჩამოასხა ევროპული წესით დამზადებული ქართული ღვინო. რის შემდეგაც საქართველოში ევროპულად დამზადებული ღვინის წარმოებას ჩაეყარა საფუძველი.

1854 წელს, წინანდლის მამულებს შამილის რაზმი შემოესია. სასახლე დაარბიეს და გადაწვეს. ტყვედ აიყვანეს დავით ჭავჭავაძის ოჯახი და ნათესავები — სულ 24 ადამიანი. შამილმა ტყვეების გათავისუფლების სანაცვლოდ შვილის ჯემალ-ედ–დინის გათავისუფლება და მილიონი მანეთი მოითხოვა; მოლაპარაკების შედეგად თანხა 40 000–მდე შემცირდა. ოჯახის გამოსასყიდად დავით ჭავჭავაძემ წინანდალი, მუკუზანი და ნაფარეული დააგირავა.

1886 წელს დავით ჭავჭავაძე იძულებული გახდა წინანდლის მამული გაეყიდა და ეს უკანასკნელი საუფლისწულო მამულების დეპარტამენტის მფლობელობაში გადავიდა. ამავე პერიოდიდან წინანდლის მამულების დიდი რეკონსტრუქცია იწყება. სარეკონსტრუქციო სამუშაოებს სათავეში ცნობილი რუსი არქიტექტორი ალექსანდრე ოზეროვი ჩაუდგა. ხოლო 1887 წელს პარკის გადაკეთება შვედ ბოტანიკოსს არნოლდ რეგელს დაუკვეთეს. ამგვარად წინანდლის ჭავჭავაძისეული მამული რომანოვების საზაფხულო რეზიდენციად გადაკეთდა.

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ რომანოვების საზაფხულო რეზიდენცია გადაკეთდა ღვინის ქარხანასთან არსებულ სასტუმროდ; ხოლო 1946 წლიდან ქართველი პოეტის გიორგი ლეონიძის თაოსნობით გაიხსნა ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ–მუზეუმი.

წინანდალში ცხოვრობდა ცნობილი თავადი გულბაათ ჭავჭავაძე (1796-1863). მისი ოჯახიდან იყო შვიდი გენერალი. გულბაათის ქალიშვილი დარია აშშ-ს არმიის გაერთიანებული შტაბების ყოფილი თავმჯდომარისა და ნატოს ჯარების ყოფილი სარდლის - გენერალ ჯონ (მალხაზ) შალიკაშვილის (1936-2012) ბებია იყო.

ტყუილად არ უწოდებენ წინანდალს ქართული მევენახეობა–მეღვინეობის აკვანს. ამ დარგის ძალიან ბევრვი ტრადიციის სათავე წინანდალთანაა დაკავშირებული: ვენახების ფართო მასშტაბებით გაშენება, ევროპული სტილით ვენახის მოვლის კულტურის დანერგვა, ფრანგული ვაზის “კაბერნეს” პირველი ქართული ზვრები;

პირველი ღვინის სარდაფი, პირველად საქართველოში ევროპული ტიპის ღვინის წარმოება “წინანდლის” სახელწოდებით და მასთან დაკავშირებული პირველი აღიარებები ამერიკისა და ევროპის საერთაშორისო სიმპოზიუმებზე; პირველი სეტყვის საწინააღმდეგო ქვემეხებიც კი. წინანდალში ხარობს საუკუნეს გადაცილებული ვაზი. ამ ტრადიციებზე დღეს წინანდალში არაერთი ევროპული ტიპის თანამედროვე ღვინის ქარხანაა აშენებული.
წინანდალი – ქართული კულტურის უძველესი კერაა. ქართული რომანტიზმი წინანდლიდან იღებს სათავეს. ქართული ლიტერატურული სალონები და მუსიკალური საღამოები კი წინანდლის ისტორიაა. დღეს მისი კულტურული მემკვიდრეობა მრავალი სახითაა წარმოდგენილი: ალექსანდრე ჭავჭავაძის სახელობის სახლ–მუზეუმი; წინანდლის კულტურის სახლი, რომელშიც მუშაობს ბავშვთა სხვადასხვა შემოქმედებითი ჯგუფი; ააიპ წინანდლის სამუსიკო სკოლა, წინანდლის ბიბლიოთეკა, ანსამბლი "წინანდალი". წინანდალს 100–ზე მეტი წლის სკოლა აქვს, რომელმაც არაერთი ცნობილი პიროვნება გამოზარდა. 
წინანდალში არაერთი ღვინის საწარმო და საოჯახო ტიპის სასტუმროა. 2019 წელს კი გაიხსნა საერთაშორისო დონის ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო "რადისონ ქოლექშენი".

სოფლის  მოსახლეობა ყოველწლიურად აღნიშნავს გიორგობის (6 მაისი) და ნათლისმცემლობის (7 ივლისი) რელიგიურ დღესასწაულებს. ნოემბერში კი ალექსანდრე ჭავჭავაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ ზეიმს - "ალექსანდრეობას".

წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში

 

თორნიკე ვეფხიშვილი

 

ტელ: 570-70-92-96
მობ: 599-85-77-60
E-mail: winandali.telavi@gmail.com

სპეციალისტები
  • მარიკა ასანაშვილი - მობ: 599 51 59 15
  • ნინო მეზვრიშვილი - მობ: 595 54 55 51



გადიდებული რუკის ნახვა

გააზიარე