10 წელი აგვისტოს ომიდან

8 აგვისტო, 2018

დღეს, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში, საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სკვერში, 2008 წლის აგვისტოს ომის 10 წლისთავი აღინიშნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი - იოსებ ქარუმაშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის მერი - შოთა ნარეკლიშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე - გიორგი თუშიშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ჟურნალისტები და მოქალაქეები. მათ გვირგვინითა და სანთლებით შეამკეს მემორიალი და პატივი მიაგეს 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას.

გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის 9 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ერთ-ერთი შეტაკებისას ტყვედ ჩაუვარდა მოწინააღმდეგეს. დაკითხვისა და წამების შემდეგ, ოსმა სეპარატისტებმა იგი ცემით მოკლეს. 2008 წლის ნოემბრამდე გიორგი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა. როდესაც ცხინვალიდან ათი ქართველის ცხედარი გადმოასვენეს, გენეტიკური ექსპერტიზით დადგინდა, რომ ერთ-ერთი მათგანი გიორგი ანწუხელიძე იყო.

გიორგი ანწუხელიძე დაჯილდოვებულია: ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით - „სამშობლოსათვის თავდადებული“, მინიჭებული აქვს საქართველოს ეროვნული გმირის და თუში სახალხო გმირის წოდებები. იგი დაკრძალულია თბილისში, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე.

იხილეთ ალბომი

გააზიარე