აუტიზმის ცნობადობის ამაღლების კვირეული თელავში

2 April, 2024

პირველ აპრილს, აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თელავის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით, მერიის ორგანიზებითა და პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, საინფორმაციო კვირეული დაიწყო. შეხვედრა გაიმართა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მშობლებთან, რომელშიც ჩართულები იყვნენ მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები და სერვისის მიმწოდებელი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები. შეხვედრის ფარგლებში მშობლებმა მიმდინარე საჭიროებებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. გაჟღერდა უკუკავშირი მერიის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამაზე, რომელიც აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების დახმარებაზეა ორიენტირებული.

ამავე კვირეულის ფარგლებში, 2 აპრილს  შეხვედრა გაიმართა სოფელ კონდოლის და სოფელ ვანთის საჯარო სკოლების მე-7, მე-8, მე-9 კლასების მოსწავლეებთან. თელავის მუნიციპალიტეტის მერის, ლევან ანდრიაშვილის ინიციატივით და კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრთან  თანამშრომლობით, მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლების მიზნით, მოეწყო თემატურ-შემეცნებითი აქტივობები. სკოლების მოსწავლეებმა მიიღეს მეტი ინფორმაცია აუტიზმის შესახებ.

3 აპრილს, თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში, საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაციის წარმომადგენლები გამართავენ საინფორმაციო შეხვედრას ბაგა-ბაღების მენეჯერებთან და აღმზრდელებთან.

გააზიარე