ახალგაზრდული კრებები ლალისყურსა და ართანაში [video]
თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში ახლაგაზრდული საბჭოს წევრების არჩევნების პროცესი დაიწყო. 16 თებერვალს ახალგაზრდული კრებები ლალისყურისა და ართანის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაიმართა და ადგილობრივმა ახალგაზრდებმა საკუთარი წარმომადგენლები აირჩიეს. ანალოგიური კრებები თელავის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება. ახალგაზრდული საბჭოს ფორმირების პროცესში მნიშვნელოვანი წვლილი არასამთავრობო ორგანიზაცია - "World Vision საქართველოს" კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამის წარმომადგენლებს შეაქვთ. პროგრამის ხელმძღვანელის - ნანა ათუაშვილის განცხადებით, საბჭოს მეშვეობით თელავის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებს საკუთარი პრობლემების წინა პლანზე წამოწევა და ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე მუშაობა ადგილობრივ წარმომადგენლობით ორგანოსთან ერთად გაუადვილდებათ.
თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის - სოფიო ახმეტელის თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება მაქსიმალურად უჭერს მხარს ახალგაზრდების ჩართულობას ადგილობრივი თვითმართველობის განხორციელების პროცესში და ახალგაზრდების მიერ წამოჭრილი საკითხები მუნიციპალიტეტის მესვეურების მიერ აუცილებლად იქნება განხილული.
თელავის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდი გთავაზობთ ლალისყურსა და ართანაში გამართული კრებების სრულ ვიდეო ჩანაწერს.