ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის 5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

15 აგვისტო, 2024

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის 5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

აღნიშნული მონაკვეთი ქალაქ თელავში გადის და თბილისის გზატკეცილს, რუსთაველისა და აღმაშენებლის გამზირებს მოიცავს.

პროექტით გათვალისწინებულია გზის სრული რეაბილიტაცია. გარდა ასფალტის საფარისა, სრულად იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები და წყლის მილსადენები. ეწყობა სანიაღვრე არხები და ტროტუარები. ასევე, გათვალისწინებულია მოსახლეობის ეზოებში შესასვლელებისა და მიერთებების მოწყობა, საგზაო ნიშნების მოწყობა და გზის სავალი ნაწილის მონიშვნა.

გზის აღნიშნული მონაკვეთი თელავის მთვარ შემოსასვლელს წარმოადგენს როგორც აღმოსავლეთის, ასევე სამხრეთ-დასავლეთის მხრიდან და მისი სრული რეაბილიტაცია მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ასევე ქალაქის სტუმრების კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის.

პროექტი, რომლის დასრულებაც წლის ბოლომდეა დაგეგმილი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და ღირებულება 13 849 534 ლარს შეადგენს.

 

გააზიარე