ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიამ მდგრადი განვითარების მიზნების თელავის მუნიციპალური დოკუმენტის დამტკიცების შესახებ პროექტი განიხილა

18 May, 2023

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომაზე მდგრადი განვითარების მიზნების მუნიციპალური დოკუმენტის დამტკიცების შესახებ სამართლებრივი აქტის პროექტი განიხილეს.  

ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თინათინ ხანჯალიაშვილმა აღნიშნული დოკუმენტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თელავი ერთ-ერთია იმ მუნიციპალიტეტებს შორის, რომელმაც მდგრადი განვითარების მიზნების ადგილობრივ დონეზე დანერგვის მიზნით შეიმუშავა მუნიციპალური დოკუმენტი.

ამ პროცესში თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან ერთად ჩართული იყო მერიის ყველა შესაბამისი სამსახური და იურიდიული პირი და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

ხანგრძლივი კონსულტაციების შედეგად, თელავის მუნიციპალიტეტის წინაშე არსებული გამოწვევებისა და თვითმმართველი ერთეულის კონტექსტის გათვალისწინებით, გაეროს მდგრადი განვითარების 11 მიზანი და 31 ამოცანა განისაზღვრა მუნიციპალურ პრიორიტეტად.

მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელება გულისხმობს ეკონომიკური კეთილდღეობის გაზრდას, ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობას, კლიმატის ცვლილებთან გამკლავებას და ბუნებრივი რესურსების მდგრადობას.

2015 წელს საქართველო შეუერთდა გაეროს რეზოლუციას და მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყანაში განხორციელდეს 2030 წლისთვის დასახული მდგრადი განვითარების მიზნები და ამოცანები. დაიწყო მდგრადი განვითარების მიზნების ნაციონალიზაცია, ეროვნულ სტრატეგიებში მათი ინტეგრაცია, ამოცანების შესრულების მონიტორინგი, პროგრესის შეფასებისა და ანგარიშგების სიტემის ჩამოყალიბება.

 

გააზიარე