ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა ჩატარდა
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა ჩატარდა. კომისიამ იმსჯელა თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანისა და პრივატიზების გეგმის დამტკიცების შესახებ.
საკრებულოს მიერ ნორმატიული აქტის პროექტის მხარდაჭერის შემთხვევაში საპრივატიზაციო ნუსხაში შევა და დამტკიცდება სოფელ ნაფარეულში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ორი ნაკვეთი. მიწის ნაკვეთების გაყიდვის შემდეგ ბიუჯეტში დამატებით 6000 ლარზე მეტი შევა.
კომისიის წევრებმა ასევე განიხილეს საკრებულოს განკარგულების კიდევ 3 პროექტი, რომელიც ითვალისწინებს მერისთვის თანხმობის მიცემას:
- თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მიხეილ ჯიდალიშვილისთვის პირდაპირი განკარგვის წესით, სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით გადაცემის თაობაზე;
- თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში მდებარე 240 კვ.მ. არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შეძენისას ნაკისრი სააუქციონო პირობის შესრულების ვადის გაგრძელების შესახებ;
- თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული გარე განათების ბოძების სს „სილქნეტისათვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით გადაცემის თაობაზე.
ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიამ მხარი დაუჭირა, რომ ნორმატიული აქტების ოთხივე პროექტი ამ სახით გავიდეს ბიუროს სხდომაზე საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანის მიზნით.
„ყველა პროექტს კომისიამ მხარი დაუჭირა. ჩვენი დღევანდელ გადაწყვეტილება ემსახურება ერთ მიზანს, მუნიციპალიტეტში მხარი დავუჭიროთ ეკონომიკის განვითარებას და მცირე ბიზნესის ხელშეწყობას“, - განაცხადა ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე შათირიშვილმა.