"ერეკლეობა-2018"-ის ფარგლებში გამოფენები მოეწყო

8 ნოემბერი, 2018

„ერეკლეობა-2018“-ის ფარგლებში, თელავის ისტორიული მუზეუმის ტერიტორიაზე, რამდენიმე მნიშვნელვანი გამოფენა მოეწყო:
♦ ბატონის სასახლის აივანზე გამოიფინა თვითნასწავლი ხელოვანის - ელენე ლუხუტაშვილის ნამუშევრები - უნიკალური სურათები, რომლებიც ქვებით, მინისა და კერამიკული ჭურჭლის ნამტვრევებით არის შესრულებული.
♦ ისტორიული მუზეუმის შესასვლელში გამოფენილი იყო ხალხური რეწვის ნამუშევრები (თიხა, თექა, კერამიკა და სხვა).
♦ საკონფერენციო დარბაზში სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ მხატვარ გიორგი გეგეჭკორის ნამუშევრები - ციკლიდან „ბაგრატიონები“.
♦ სურათების გალერეა და მუზეუმის ისტორიული სივრცე ღია იყო ნებისმიერი მსურველისთვის.
♦ და ბოლოს, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ წარმოდგენილ იქნა საგამოფენო-საგანმანათლებლო პროექტი - „მეფე ერეკლე - ხელნაწერებით გაცოცხლებული ისტორია“. 
მუზეუმის სივრცეში გამოიფინა მეფე ერეკლე მეორის მიერ გამოცემული სიგელების, კახეთის სოფლებიდან გაწვეულ მოლაშქრეთა ნუსხების, ერეკლე მეორის ავტოგრაფების და სხვა დოკუმენტების ფოტო-ასლები.

► პროექტის ფარგლებში გაიმართა ლექცია, რომელსაც უძღვებოდა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ახალგაზრდა მეცნიერ-თანამშრომელი, ერეკლე მეორის პერიოდის საბუთების მკვლევარი, პროფესორი აპოლონ თაბუაშვილი.

► ასევე, ახალგაზრდებისთვის ჩატარდა აქტივობა -„მიულოცე მეფეს“, სადაც სპეციალურად მომზადებულ „გრაგნილზე“ მსურველებს საშუალება ჰქონდათ მეფისთვის წერილი მიეწერათ, რაც შემდგომ სამეფო წესისამებრ დაიბეჭდა. 

⇒ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა - ზაზა აბაშიძემ თელავის მუნიციპალიტეტის მერიას მიულოცა დღესასწაული და საჩუქრად გადასცა მეფე ერეკლე მეორის უნიკალური ხელნაწერის ფოტო-ასლი. 

ალბომი

 

 


 

გააზიარე