გენდერული თანასწორობის საბჭომ საკრებულოს 2018-2019 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

28 თებერვალი, 2020

 

თელავის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მდივანმა საკრებულოს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში წარუდგინა. ნელი აბეჩხრიშვილმა აღნიშნა, რომ გენდერულის თანასწორობის საბჭომ, საკუთარი უფლებამოსილების  ფარგლებში, 2020 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტების დოკუმენტსა და ბიუჯეტში გათვალისწინებული საკითხების იდენტიფიცირების მიზნით შექმნა ფოკუს ჯგუფები, რომლებშიც შედიოდნენ დროებითი საცხოვრებლის ქირის თანხით მოსარგებლე და შშმ პირები და მათი საჭიროებები გამოავლინა.

გამოვლენილი საჭიროებებიდან გამომდინარე საბჭომ გასცა რეკომენდაცია, დაიხვეწოს სოციალური დახმარების გაცემისას შესაბამისი კომისიის ჩართულობის პროცესი საბიუჯეტო თანხების სწორად და ეფექტურად ხარჯვის მიზნით.

გარდა ამისა, თელავის მუნიციპალიტეტი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ 16 დღიანი კამპანიას შეუერთდა, რომლის ფარგლებში თელავის მუნიციპალიტეტის 5 საჯარო სკოლაში ჩატარდა ღონისძიებები. მუნიციპალიტეტში არსებულ დანარჩენ სკოლებში კი იგეგმება ქალთა უფლებებსა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე შეხვედრები და დისკუსიები.

თელავის მუნიციპალიტეტში გაძლიერებულია გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმი; მიმდინარეობს გენდერული სტატისტიკის დანერგვა, რომელიც გათვალისწინებულია 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმაში, გენდერულ საკითხებზე  მუნიციპალიტეტის თანამშრომლების ცნობიერება ამაღლებულია; მოსახლეობის ინფორმირება გაზრდილია ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობაზე, მის ფორმებზე და სახელმწიფოში არსებულ ეროვნულ-რეფერალურ მექანიზმებზე. თელავის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭომ მუნიციპალიტეტში მოქმედ 7 არასამთავრობო ორგანიზაციასთან მემორანდუმი გააფორა, რომლის მიზანი გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა, მდგრადი ინსტიტუციონალური მექანიზმების შექმნა/მხარდაჭერა და საბჭოს ნაყოფიერი ფუნქციონირება იყო“, - განაცხადა ნელი აბეჩხრიშვილმა. 

 

გააზიარე