ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების მოკლევადიანი უფასო კურსი

21 ივნისი, 2024

 თელავის მუნიციპალიტეტში ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების უფასო კურსზე  მიღება იწყება. კურსი განკუთვნილია, როგორც ქალაქ თელავში, ასევე, თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები, ქალებისთვის, რომლებსაც სურვილი აქვთ, დაეუფლონ ავტობუსის მძღოლის პროფესიას.

 

„D“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებად, მონაწილეები გაივლიან თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას. თეორიული კურსი მოიცავს, როგორც ავტობუსის მართვის, საგზაო მოძრაობის წესებისა და უსაფრთხოების ინსტრუქციების შესწავლას. პრაქტიკული სწავლების დროს კი, მონაწილეები გაივლიან ავტობუსის მართვისა და მანევრირების გაკვეთილებს, როგორც დახურულ მოედანზე, ისე ქალაქში. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, მონაწილეები მიიღებენ კურსის გავლის დამადასტურებელ მოწმობას. გარდა ამისა, კურსის ფარგლებში, მონაწილეები შეისწავლიან პირველადი სამედიცინო დახმარების საფუძვლებს და მიიღებენ შესაბამისი ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს.

 

კურსის  დასრულების შემდეგ, მონაწილეები, ავტობუსის მძღოლის „D“ კატეგორიის მართვის უფლების მისაღებ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლას შეძლებენ. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, „D“ კატეგორიის მართვის მოწმობის მქონე ქალებს შეეძლებათ დასაქმდნენ ავტობუსის მძღოლად, როგორც კერძო, ასევე, საჯარო სატრანსპორტო კომპანიებში.  

 

კურსი სრულად ფარავს მომზადების, გამოცდაზე გასვლის, მართვის მოწმობის და ტრანსპორტირების ხარჯებს.

 

სწავლება დაიწყება 2024 წლის 10 ივლისს და გაგრძელდება 15 დღის განმავლობაში. მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ქალს, ვინც აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს: 

 

  • არის საქართველოს მოქალაქე; 
  • არის თელავის მუნიციპალიტეტის მკვიდრი;
  • არის სულ მცირე 24 წლის; 
  • აქვს „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 
  • აქვს მსუბუქი ავტომობილის მართვის სულ მცირე 1 წლიანი გამოცდილება (სასურველია, თუმცა არა სავალდებულო, ჰქონდეს მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილის მართვის გამოცდილება); 
  • არ აქვს მნიშვნელოვანი საგზაო დარღვევები (ავარიები, ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვა და სხვა); 
  • მზადაა, ბოლომდე გაიაროს მომზადების კურსი და გავიდეს მართვის მოწმობის შესაბამის გამოცდაზე.

 

დაინტერესებულმა პირებმა დღეიდან 2 ივლისამდე, უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია: 

  • პირადობის მოწმობის ფოტო/ასლი; 
  • „B“ კატეგორიის მართვის მოწმობის ფოტო/ასლი. 

 

განაცხადის გაკეთება შესაძლებელია:

  • თელავის მუნიციპალიტეტის სატრანსპორტო სამსახურის Facebook გვერდზე და თელავის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე განთავსებულ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმის შევსებით: https://form.jotform.com/241192582690359
  • შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Qalebiskursi@gmail.com დოკუმენტების გაგზავნით;

 

დაინტერესებული პირების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვის შემდეგ, შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას და მსუბუქი ავტომობილის მართვის უნარების შემოწმებას.

 

*ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების კურსი ხორციელდება „საქართველოს ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების გენდერული საკონსულტაციო მომსახურების პროგრამის“ ფარგლებში, EY საქართველოს დახმარებითა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით.

 

 

 

 

 

გააზიარე