კისისხევის გამოქვაბულების კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობს
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევთან მდებარე წმ. კოზმა და დამიანეს სახელობის სამონასტრო კომპლექსის კვლევითი სამუშაოები იტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.ნამონასტრალი აერთიანებს ქვითკირის ბაზილიკას, მის ირგვლივ განლაგებულ სამონასტრო ნაგებობებს და გამოქვაბულებს.
ამჟამად გამოქვაბულთა კომპლექსის საფიქსაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რაც გულისხმობს აეროფოტო და ტოპოგრაფიულ გადაღებებს, წერილობით, გრაფიკულ და გეოგრაფიულ (ჯპს კოორდინატებით) ფიქსაციას.
გარდა უშუალოდ გამოქვაბულებისა, იგივე მეთოდიკით ფიქსირდება მთლიანად სამონასტრო კომპლექსი, რის შედეგადაც მომზადდება წმ. კოზმა და დამიანეს სახელობის სამონასტრო კომპლექსის არქიტექტურულ-არქეოლოგიური რუკა.
საველე სამუშაოების დასრულდების შემდეგ მოხდება სამონასტრო კომპლექსის შესახებ არსებული ბიბლიოგრაფიული მონაცემებისა და წერილობითი წყაროების/საარქივო მასალების მოძიება, დამუშავება და ანალიზი. აღნიშნულ კომპლექსურ სამუშაოებზე დაყრდნობით მომზადდება ფუნდამენტური კვლევა, რომელსაც გარდა სამეცნიერო დატვირთვისა, პრაქტიკული ფუნქციაც ექნება ტურიზმის განვითარებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კუთხით.