თვითმმართველობის 100 წლისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა
ადგილობრივი თვითმმართველობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა დღეს თელავის ისტორიულ მუზეუმში გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 1918-21 წლების თვითმმართველი ორგანოების შესახებ მასალები, რომლებიც ეროვნულ არქივში, ეროვნულ ბიბლიოთეკაში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის საზოგადოებრივ არქივშია დაცული. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ისტორიკოსების - დავით ლოსაბერიძისა და ირაკლი ხვადაგიანის ლექციები, რომლებმაც თვითმმართველობის ისტორიაზე, განვითარებიოს ეტაპებსა და როლზე ისაუბრეს.
ლექციის დაწყებამდე საზოგადოებას სიტყვით მიმართა თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძემ და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე პლატონ კალმახელიძემ. „გილოცავთ დემოკრატიულად არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობის შექმნიდან 100 წლისთავს. ეს პერიოდი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იყო. გამოფენა, რომელიც დეტალურად ასახავს თვითმმართველობის ისტორიას, ძალიან საინტერესო ინფორმაციის მატარებელია. ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა და მადლობა ამისთვის გამოფენის ავტორებს“, - განაცხადა არჩილ თხლაშიძემ
თელავის მუნიციპალიტეტის მერის, შოთა ნარეკლიშვილისა და საკრებულოს თვამჯდომარე არჩილ თხლაშიძის გარდა, გამოფენას სხვა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ექსპოზიცია გაიმართა გერმანია-საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაკვეთითა, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ), საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, თელავის მუნიციპალიტეტისა და თელავის ისტორიული მუზეუმის მხარდაჭერით. გამოფენის პარტნიორები არიან საქართველოს ეროვნული არქივი და რეგიონებში გამოფენების ორგანიზატორია საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია.
ფოტოები იხილეთ საკრებულოს Facebook-ზე:
ფოტოები იხილეთ მერიის Facebook-ზე: