თელავში მდგრადი ენერგეტიკის დღე აღინიშნა
მდგრადი ენერგეტიკის მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, თელავში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა:
გამოსაშვები საღამო ჩატარდა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოს საბავშვო ბაღში, სადაც ევროკავშირის საგრანტო პროგრამით, თანამედროვე ენერგოეფექტური გათბობის სისტემის მოწყობა იგეგმება.
თელავის ისტორიულ მუზეუმში „ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოს“ წარმომადგენლებმა ახალგაზრდებისთვის სემინარი ჩაატარეს თემაზე- „სასოფლო-სამეურენეო ნარჩენები, როგორც ენერგეტიკული რესურსი “. აქვე, წარმოდგენილი იყო თელავის ელენე ახვლედიანის სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა - „მდგრადი ენერგეტიკა“.
თელავის ცენტრალურ გამზირზე, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით, სიმბოლური ველო-გარბენი მოეწყო, რის შემდეგაც აქციის მონაწილეთა დაჯილდოვება გაიმართა.
მდგრადი ენერგეტიკის დღე თელავში მუსიკალური ბენდის - „მუსიკის ქალაქის“ კონცერტით დასრულდა.
ღონისძიებებს ესწრებოდნენ: თელავის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დავით ბეგიაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე - პლატონ კალმახელიძე, „ენერგოეფექტურობის ცენტრი - საქართელოს“ წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.