თელავის მუნიციპალიტეტში მიუსაფარი ძაღლების პრობლემა უახლოეს მომავალში მოგვარდება
თელავის მუნიციპალიტეტში მიუსაფარი ძაღლების პრობლემა უახლოეს მომავალში მოგვარდება. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მერს მისცა თანხმობა, კახეთის დანარჩენ 7 მუნიციპალიტეტთან ერთად დააფუძნოს მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის კახეთის ინტერმუნიციპალური სააგენტო. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობის ძირითადი მიზანი უპატრონო ცხოველებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა იქნება.
დღევანდელ სხდომაზევე საკრებულოს წევრებმა გაითვალისწინეს მოსახლეობის ინიციატივა და მხარი დაუჭირეს ილია ჭავჭავაძის გამზირის მონაკვეთზე ორმხრივი მოძრაობის დაწესებას. აღნიშნული ინიციატივით საკრებულოს ქართული უნივერსიტეტის, დავით რექტორისა და კვირიკე დიდის ქუჩებზე მცხოვრებმა მოსახლეობამ მიმართა. ორმხრივი მოძრაობის დაწესების მიზანია ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ავტოსატრანსპორტო მოძრაობის დარეგულირება. ილია ჭავჭავაძის გამზირის ამ მონაკვეთზე შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყობა.
წარმომადგენლობითმა ორგანომ ასევე მოიწონა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების დასაფინანსებლად წარსადგენი 2021 წლის 24 საპროექტო წინადადება.
გარდა ამისა, საკრებულომ 2020 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში დამაკმაყოფილებლად შეაფასა. მთავარი საფინანსო დოკუმენტის გასული წლის შესრულების დეტალური ანგარიში წარმომადგენლობით ორგანოს საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ნათია ვაყელიშვილმა წარუდგინა.
წარმომადგენლობითი ორგანოს განკარგულებით, სახელმწიფოს უარი ეთქვა, თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საკუთებაში უსასყიდლოდ გადაცემაზე.
საკრებულომ ასევე მხარი დაუჭირა ელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 10 ნაკვეთის საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანას და მათი პრივატიზების გეგმის დამტკიცებას.
წარმომადგენლობითმა ორგანომ აგრეთვე დაამტკიცა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესი.
გარდა ამისა, საკრებულომ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება თელავის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის დებულებასა და ასევე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესში ცვლილებების შეტანის მიზნით.
ქალაქ თელავის ქალაქთმშენებლობის დოკუმენტაციის - გენერალური გეგმის, განაშენიანების გეგმისა და ქალაქ თელავის ცენტრალური მოედნის განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების მიზნით საკრებულომ ადმინისტრაციული წარმოების ვადის გაგრძელებას დაუჭირა მხარი.
საკრებულოს დადგენილებით, ცვლილებები შევიდა თელავის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტში. მთავარ საფინანსო დოკუმენტში ცვლილებების შეტანა უკავშირდება 2021 წლის 1 იანვრისათვის არსებული ნაშთის ნაწილის ასახვას, რომელიც ძირითადად შეეხება მიმდინარე წელს განსახორციელებელი სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოსა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შეძენისათვის თანხის მობილიზებას.
საკრებულომ მისცა მერს თანხმობა, მოქალაქე სოფიო არსენიშვილს პირდაპირი განკარგვის წესით, სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით, აღნაგობის ფორმით, 30 წლის ვადით სარგებლობაში გადასცეს ქალაქ თელავში, ახოსპირელის ქუჩაზე მდებარე 67 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გვირაბის ტიპის მიწისქვეშა ღვინის მარნის მშენებლობის მიზნით.
წარმომადგენლობითი ორგანოს განკარგულებით, მერს ასევე მიეცა თანხმობა თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადასცეს გიგა მოსიაშვილს პირდაპირი განკარგვის წესით, სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით. საკრებულოს განკარგულებით, საიჯარო ქირის გადახდა განისაზღვრა ნატურის ფორმით, წელიწადში 80 ტონა ვაზის ან/და თხილის ნასხლავის დაქუცმაცებული მასის სახით თელავის მუნიციპალიტეტის 3 საბავშვო ბაღში გათბობის უზრუნველყოფის მიზნით.