ცხელი ხაზი : 0350 27 36 50 საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საკრებულო 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვას აგრძელებს

24 ნოემბერი, 2022

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილა. მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი 34 მილიონ 336 ათასი ლარით განისაზღვრება, რაც 2021 წლის დემეკბერში დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 6 მილიონ ლარზე მეტით არის გაზრდილი.

ბიუჯეტის პრიორიტეტებად კვლავ რჩება ინფრასტრუქტურის განვითარება, განათლება, კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი, ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, დასუფთავება და გარემოს დაცვა. პროექტის მიხედვით, ყველა პრიორიტეტული მიმართულების დაფინანსება აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სხვა ღონისძიებების განსახორციელებლად 12 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი, ახალგაზრდობის მხარდაჭერის, კულტურის და სპორტის მიმართულებების განვითარებისთვის 4 მილიონ 214 ათასი ლარია განსაზღვრული, ხოლო ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის დაფინანსება 3 მილიონ 89 ათასი ლარით განისაზღვრება.

დოკუმენტი კომისიის წევრებს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ნათია ვაყელიშვილმა გააცნო. მომავალ წელს სხვადასხვა მიმართულებით დაგეგმილ პროექტებზე კი ისაუბრეს თელავის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილეებმა ნიკოლოზ მეტრეველმა და ფიქრია ყუშიტაშვილმა. საფინანსო-საბიუჯეტო კომისია უკვე მუშაობს შენიშვნებსა და რეკომენდაციებზე. საკრებულო მერს მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტს საბიუჯეტო ინიციატივებითა და რეკომენდაციებით 25 ნოემბერს დაუბრუნებს.

გააზიარე